მაღალი შემოსავალი ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მობილურობისთვის, ჯანმრთელობის ხარისხისთვის, კარიერული წინსვლისთვის, თუ პირადი ბედნიერების შეგრძნებისთვის.
აქამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მიხედვით, ფინანსურ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. ზოგი აშკარად გამოკვეთილი და იოლი მისახვედრია, როგორიცაა მაგალითად, განათლება და პროფესია. ზოგი კი გაცილებით ნაკლებად თვალშისაცემია და თუ აქამდე არ გსმენიათ, გაგაოცებთ კიდეც. ასეთია მაგალითად, სიმაღლე. მაღალ ადამიანებში, დიდი შემოსავლის ქონის ალბათობაც, თურმე გაცილებით მეტია.
მაღალ შემოსავალს კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს. სხვადასხვა საზოგადოებაში ფინანსური წარმატების გასაღები შეიძლება იყოს გეოგრაფიული მდებარეობა, სქესი, რასა, ეთნოსი, ასაკი და ასე შემდეგ.
კვლევა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ორშაბათს გამოქვეყნდა და მასში ძირითად ფაქტორებს შორის, ახალი მსაზღვრელი გამოიკვეთა: მოთმინების უნარი - სწრაფ ჯილდოს ამჯობინო სამომავლო, დაგვიანებული, დროში უფრო გაწელილი საჩუქარი. ქალაქ ფილადელფიაში მდებარე, ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს უნარი გაცილებით მეტად განსაზღვრავს ადამიანის ფინანსურ წარმატებას, ვიდრე აქამდე ცნობილი ფაქტორები: ასაკი, ეთნოსი, სიმაღლე და რასა.
ადამიანის მოთმინების უნარზე, შეაყოვნოს სწრაფი ჯილდო და ის მოგვიანებით, მეტი მოგებით აიღოს, ფსიქოლოგები პირველად, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ე.წ. სტენფორდის ზეფირის ექსპერიმენტის გამოქვეყნების შემდეგ ალაპარაკდენენ. ეს ექსპერიმენტი ფსიქოლოგიაში კარგად არის ცნობილი. სტენფორდის უნივერსიტეტში კვლევების მთელი სერია 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 70-იან წლებში დასრულდა.
უნივერსიტეტის მეცნიერებმა, უოლტერ მიშელის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტი თავიდან 4-5 წლის ბავშვებში ჩაატარეს. მკვლევარები ბავშვს მაგიდაზე ერთ ცალ ზეფირს უდებდნენ და ეუბნებოდნენ: მე ახლა ოთახიდან გავალ და მალე დავბრუნდები. თუ მოითმენ და ამ ტკბილეულს არ შეჭამ, მეორესაც მოგცემ. თუ ჩემს მოსვლამდე შეჭამ, იცოდე, მეორე ზეფირს აღარ მოგიტან. მეცნიერები ბავშვებს ოთახში სულ 15 წუთით ტოვებდნენ.
მოგვიანებით, იმავე ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომელთაც მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ, მოზარდ თუ ზრდასრულ ასაკში, სულსწრაფ თანატოლებზე გაცილებით უკეთ აბარებდნენ სტანდარტიზებულ ტესტებს, უკეთესი სამსახური ჰქონდათ, უფრო ბედნიერები იყვნენ, საკუთარ წონასაც კი უკეთ არეგულირებდნენ და შესაბამისად, ჯანმრთელობის პრობლემებსაც ნაკლებად უჩიოდნენ.
ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში ახალი, მათემატიკური მეთოდი გამოიყენეს და 3 ათასამდე ადამიანი შეისწავლეს. შემოსავლის განმსაზღველ მთავარ ფაქტორთა სია, რომელიც მათ შეადგინეს, თანმიმდევრულად ასე გამოიყურება:
- განათლება
- პროფესია
- გეოგრაფიული მდებარეობა
- სქესი (კაცს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე ქალს)
- ნებისყოფა, თმენის უნარი
ეს კვლევა საინტერესო უნდა იყოს მშობლებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მათ შვილებს მეტი ნებისყოფა გამოუმუშავდეს. ისინი უნდა შეეცადონ ასწავლონ ბავშვებს, რომ არ დაკმაყოფილდნენ სწრაფი შედეგებით და ავარჯიშონ შვილები, აჩვენონ მათ, რომ მოთმინების ხარჯზე კიდევ უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.
მეცნიერები აქვე გვაფრთხილებენ, რომ მათ კვლევაში მხოლოდ ამერიკელები მონაწილეობდნენ. ამის გამო, შედეგიც, შეიძლება უმეტესად შეერთებული შტატების მოსახლეობაზე ვრცელდებოდეს.
კვლევის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია აკადემიურ გამოცემაში Frontiers in Psychology. ტემპლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი 3 სექტემბერს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ამერიკელი მკვლევარები: უილიამ ჰამილტონი, ნაიმა ასადი და ინგრიდ ოლსონი.