რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმას, თუ როგორი იქნება ბავშვის ცხვირი - თხელი, თუ მსხვილი; მოკლე, თუ გრძელი; ფართო, თუ წვრილი ნესტოებით - მხოლოდ დედ-მამის და ბებია-ბაბუის გენეტიკა არ წყვეტს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცხვირის ფორმას სხვა გარეშე ფაქტორებიც განსაზღვრავს.
ახალი ანთროპოლოგიური კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ცხვირის ფორმაზე გავლენას ადგილობრივი კლიმატიც ახდენს. ბუნებრივი სელექციის პროცესზე თურმე ისეთი, ერთი შეხედვით უწყინარი ფაქტორები მოქმედებს, როგორიცაა ტენიანობა, ან ჰაერის ტემპერატურა. იქ, სადაც ცხელი ჰავა და მაღალი ტენიანობაა, გაცილებით განიერი ცხვირის ნესტოები ჰქონიათ. წვრილი და ზემოთ აპრეხილი ცხვირები კი ცივი კლიმატის მქონე ქვეყნების მოსახლეობას ახასიათებს.
პენსილვანიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3-განზომილებიანი ტექნოლოგიებით გადაღებული ფოტოების გამოყენებით, 476 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ისინი კანის პიგმენტაციის ჩათვლით, ცხვირის 7 მახასიათებელს აკვირდებოდნენ. ორივე სქესის ადამიანები ოთხი რეგიონის მიხედვით გადაანაწილეს: დასავლეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ევროპა და სამხრეთ აზია. რეგიონების მიხედვით შედგენილ თითოეულ ჯგუფში სულ ცოტა, 40 წარმომადგენელი უდა ყოფილიყო.
ახალი კვლევის შედეგები ამ სფეროში გარკვეული ადამიანებისთვის დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მეთოდოლოგიის და მოცულობის გათვალისწინებით, ძველი თეორიებისთვის მტკიცებულების ბაზას გაცილებით უფრო ამყარებს. აქამდე, ცოცხალი ადამიანები არასოდეს შეუსწავლიათ, მხოლოდ წინაპრების თავის ქალებს აკვირდებოდნენ. თანაც, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, გაზომვა და შედარება დღეს მილიმეტრის მეათედებშია შესაძლებელი.
სპეციალისტები აღნიშნული თეორიის ერთ-ერთ პირველ ავტორად ბრიტანელ ანატომ და ანთროპოლოგ არტურ ტომსონს ასახელებენ. ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პირველ წლებში ამბობდა, რომ ცივი კლიმატის ქვეყნებში წვრილი და გრძელი ცხვირები ჰქონდათ, ცხელი ჰავის პირობებში კი - მოკლე და განიერი.
საქმე იმაშია, რომ ცხვირი სასუნთქი გზების საშუალებით ჰაერის კონდიცირებას ახდენს და უზრუნველყოფს იმას, რომ ჰაერი ფილტვებამდე გამთბარი და ტენიანი სახით მოხვდეს. წვრილ ცხვირს პატარა ნესტოებით, ამისთვის გაცილებით მეტი დრო აქვს, რადგან ჰაერს სასუნთქ გზებში მცირე რაოდენობით უშვებს.
შესაბამისად, ცხვირი სუნთქვის და ყნოსვის გარდა, ორგანიზმის დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს და ინფიცირებისგან პრევენციას უწყობს ხელს. ამიტომ არის, რომ კლიმატის მიხედვით, საუკუნეების მანძილზე ცხვირის ფორმის გარემოსთან ადაპტირება ისე ხდებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმი ინფექციებისგან მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
კვლევა 16 მარტს ჟურნალში “პლოს გენეტიკა” გამოქვეყნდა. ავტორები ფიქრობენ, რომ ის მედიცინის სფეროსთვისაც მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა დედამიწაზე მიგრაცია გაცილებით უფრო აქტიურად ხდება და ადამიანებს ადაპტირება ხშირად სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში უწევთ.