დღეში რამდენი საათით შეიძლება პატარებს ე.წ. საეკრანო დრო, ანუ აიპედთან, ტაბლეტთან, კომპიუტერთან, სმარტფონთან და ტელევიზორთან ყოფნის უფლება მივცეთ? რა ასაკიდან შეიძლება მათთვის სოციალური ქსელების გამოყენება? „ამერიკის ხმა“ რუბრიკაში „გალილეო“ ამერიკელი და ბრიტანელი ექიმების რჩევებთან ერთად, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებსაც გაგაცნობთ.
ბრიტანული მედია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იუწყებოდა ოთხი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა აიპედზე დამოკიდებულების გამო. „დეილი მეილში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბავშვის მკურნალი ექიმი, ლონდონელი ფსიქიატრი რიჩარდ გრემი იუწყებოდა, რომ დამოკიდებულება ბავშვს აიპედის მოხმარების დაწყებიდან სულ ერთი წლის განმავლობაში გაუჩნდა. დაავადება, მისი თქმით, იმდენად სწრაფად პროგრესირებდა, რომ მკურნალობის გარეშე შესაძლოა პატარას 11 წლის ასაკში უკვე კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევა გახლდათ და მის განზოგადებას თავად ფსიქიატრი გრემიც ერიდება. როზი ფლევიტი, ლონდონის უნივერსიტეტის განათლების ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის მიხედვით ამტკიცებს, რომ იგივე აიპედი ბავშვების განათლების საქმეში ძალზე წარმატებული ინსტრუმენტია. მან ექსპერიმენტი საბავშვო ბაღებში და დაწყებით კლასებში ჩაატარა. ფლევიტი ხაზს უსვამს აიპედის მნიშვნელობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სწავლის პროცესში მიღწეულ წარმატებებში.
სოციალურ მედიაში ბავშვების გაწევრიანებას რაც შეეხება, ქსელების უმრავლესობა ხელმოწერის პირობად მინიმალურ ასაკს, 13 წელს, ასახელებს. თუმცა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვების 59% სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი 10 წლამდე ხდება. „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, 12 წლამდე ბავშვების 43%-ს ინტერნეტზე უცნობებთან მიწერ-მოწერა აქვს. ბრიტანელი ბავშვთა ფსიქოლოგის, ექიმ რიჩარდ ვულფსონის თქმით, „სოციალური ქსელებით ადრეულ ასაკში სარგებლობა ბავშვებს ისეთი შინაარსის ინფორმაციასთან შეხების შანსს აძლევს, რისი აღქმის უნარი მათ ემოციურად ჯერ არ გააჩნიათ“.
სპეციალისტები ბავშვებისთვის კომპიუტერების აკრძალვის მომხრეები არ არიან. დაბალანსებულად მიწოდებული ციფრული მედია ბავშვთა უფლებების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილადაც კი მოიაზრება. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის კომიტეტმა ჟენევაში ა.წ. სექტემბერში ჩატარებულ 67-ე სესიაზე ერთ-ერთ მთავარ თემად „ციფრული მედია და ბავშვთა უფლებები“ განიხილა. 12 სექტემბერს რამდენიმესაათიანი დისკუსიების შემდეგ გამოიცა რეკომენდაციები, რომლებიც ოთხ ნაწილს მოიცავს: უფლებებით აღჭურვას, ხელმისაწვდომობას, ციფრულ განათლებას და უსაფრთხოებას.
გაეროს რეკომენდაციები ხაზს უსვამს ბავშვებისთვის ციფრული განათლების და ხელმისაწვდომობის აუცილებლობას, რაშიც სახელმწიფო, ოჯახი, მშობლები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო და საჯარო სექტორი თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ დაბალანსებული მოხმარების და უსაფრთხოების მოსაზრებით შეიძლება. სახელმწიფომ ბავშვებს არამარტო მაღალი ხარისხის ონლაინკლასები უნდა შესთავაზოს, არამედ ციფრული განათლებით მშობლები და მასწავლებლებიც უნდა უზრუნველყოს, ყველა, ვისაც შეხება პატარებთან უწევს. მათი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაეროს რეკომენდაციებში დიდი ყურადღება ეთმობა ინტერნეტის კონტროლსაც. ამ რისკების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს როგორც მშობლებს და მასწავლებლებს, ასევე თავად ბავშვებს.
ფაქტია, რომ მედია დღეს ჩვენ ირგვლივ აბსოლუტურად ყველგანაა, სახლში, სკოლაში, ინსტიტუტში, ტრანსპორტში, სამსახურში, რესტორანში, თეატრში, კონოში თუ კონცერტზე. ის ჯიბით და სათვალითაც დაგვაქვს და მისი აკრძალვა არათუ რეკომენდირებული არ არის, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელიცაა. უფროსების მოვალეობაა, დროის სწორი მენეჯმენტი გაკეთდეს და ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ის დაბალანსებულად მიეწოდოს.
ამერიკელი პროფესორი ლარი როზენი, რომელიც ფსიქოლოგიის და ტექნოლოგიების დარგში ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი და განმანათლებელია, გვირჩევს, რომ ხუთ წლამდე ასაკში კომპიუტერული აქტივობის თანაფარდობა სხვა სახის გართობასთან, როგორიცაა ჰაერზე თანატოლებთან ურთიერთობა, ვარჯიში, მშობლებთან ერთად წიგნის კითხვა ან ფიზიკურად სათამაშოებით თამაში, სულ მცირე, ერთი ხუთზე უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვს დღეში ნახევარი საათით კომპიუტერით, აიპედით, თუ ტაბლეტით სარგებლობის ნებას დავრთავთ, მაშინ დანარჩენი აქტივობისთვის დღეში სულ მცირე ორსაათნახევარი უნდა მივცეთ. წლების მატებასთან ერთად ბალანსის შეცვლა თანდათან კომპიუტერული ტექნიკის და ტელევიზორის სასარგებლოდ შეიძლება. 12 წლის ასაკში ეს დრო შეიძლება გათანაბრდეს კიდეც.
პედიატრიის ამერიკული აკადემიის ცნობით დღეს ამერიკელი ბავშვების საერთო საეკრანო დრო, ანუ ის დრო, რომელსაც ისინი ტელევიზორთან, ვიდეო-თამაშებზე, კომპიუტერთან, აიპედთან, სმართფოუნთან ან სხვა ეკრანის მქონე ელექტრონულ ხელსაწყოსთან ატარებენ, დღეში საშუალოდ შვიდ საათს უტოლდება. მშობლებს დაბეჯითებით სთხოვენ ერთგვარი საეკრანო „დიეტა“ დაიცვან. ორ წლამდე ბავშვებს საერთოდ არ ურჩევენ ეკრანის მქონე კომპიუტერული ტექნოლოგიებთან ან ტელევიზორთან ყოფნას. ორი წლის შემდეგ ისინი არც საწოლ ოთახში უნდა ჰქონდეთ და კვების დროსაც უნდა მოვარიდოთ. პედიატრიის ამერიკული აკადემია გვირჩევს, ბავშვებისთვის საეკრანო დრო როგორც ადრეულ ასაკში, ასევე თინეიჯერობის დროს ორ საათამდე დავიყვანოთ.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, დიდი რაოდენობით საეკრანო დრო ბავშვებს ძილის პრობლემებს უქმნის, ზრდის დეპრესიის, ჭარბი წონის, შიშების, სხვადასხვა აშლილობის თუ ყურადღების გაფანტულობის გამო შექმნილი პრობლემების შანსს. ინსტიტუტის რეკომენდაციებითაც საეკრანო დრო არა მარტო ბავშვების, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვის, ანუ ჩვენთვისაც ორ საათამდე უნდა შეიზღუდოს. გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციების სრულ სიას:
- ტელევიზორი ან კომპიუტერი ბავშვის საწოლი ოთახიდან გაიტანეთ
- არ გამოაყენებინოთ ისინი კვების და საშინაო დავალების კეთების დროს
- არ დატოვოთ ტელევიზორი მხოლოდ ხმის მოსასმენად. სჯობს, რადიო ჩართოთ ან საერთოდ ყველაფერი გამორთეთ
- წინასწარ შეადგინეთ საყურებელი პროგრამების სია და გამორთეთ ტელევიზორი მათი დასრულებისთანავე
- შესთავაზეთ ბავშვს სხვა აქტივობები, ითამაშეთ სახლში ერთად ან გარეთ გაისეირნეთ
- ჩაინიშნეთ, რამდენ საათს ატარებთ ეკრანთან და იმდენივე დრო დაუთმეთ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას
- ეცადეთ, სანიმუშო მშობელი იყოთ და საეკრანო დრო თქვენთვისაც ორ საათამდე შეამცირეთ
- თუ ძილის წინ ტელევიზორის გამორთვა გიჭირთ, გადაიყვანეთ ის ავტომატურ ძილის რეჟიმზე
- მოაწყვეთ გამოწვევა ოჯახში: გამოაცხადეთ ერთი კვირა ტელევიზორის ან სხვა საეკრანო დროის გარეშე. მოიფიქრეთ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რაშიც მთელი ოჯახი ჩაერთვებით
Facebook Forum