განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ჯგუფის, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ საჭიროა წინ აღუდგნენ ტაივანის სრუტეზე კონტროლის მოპოვების მიზნით ჩინეთის მიერ „ძალის გამოყენების“ ნებისმიერ მცდელობას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ტაივანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.
„დიდი შვიდეულის გზავნილი იგივეა: ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ჩინეთთან იმ სფეროებში, სადაც ჩინეთი მზად არის ჩვენთან მუშაობისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
ასევე ნახეთ: ჩინეთში მაკრონის ვიზიტის შემდეგ ევროპა ტაივანის მიმართ ერთიან მხარდაჭერაზე საუბრობს„ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ძალის გამოყენებას, ნებისმიერ მანიპულაციას, მცდელობას ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს შესაცვლელად“, - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
დიდი შვიდეულის მხრიდან ერთიანი მკაცრი პოზიციის დემონსტრირება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მას შემდეგ რაც ჩინეთში ემანუელ მაკრონმა ვიზიტი გამართა. დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში მაკრონის განცხადებები სუსტი პოზიციის დაფიქსირებად მიიჩნიეს.
მაკრონმა თქვა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ტაივანთან დაკავშირებული კრიზისის გამწვავება, რომელიც გამოწვეულია „ამერიკული ნაბიჯებითა და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციით“.
როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთადერთი აზიური სახელმწიფო, იაპონია ღრმად იყო შეშფოთებული პეკინის ნებისმიერი შესაძლო ქმედებით ახლომდებარე ტაივანის წინააღმდეგ.
Your browser doesn’t support HTML5
პეკინი ტაივანს ჩინეთის ტერიტორიად განიხილავს და უარს არ ამბობს ძალის გამოყენებაზე დემოკრატიულად მართულ კუნძულზე საკუთარი კონტროლის დაწესების მიზნით. ტაივანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას შეუძლია გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
ჩინეთი სულ უფრო მეტად ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო წესები „საკუთარი წესებით“, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც პეკინს მაკრონის ვიზიტის შემდეგ ეწვია.