ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამბობს, რომ რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის


"ჩინეთი არ მიჰყიდის იარაღს უკრაინაში ომის არცერთ მხარეს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარასკევს, დასავლეთის შეშფოთებაზე საპასუხოდ იმის თაობაზე, რომ პეკინმა შესაძლოა რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს.

ჩინეთი ამტკიცებს, რომ ის კონფლიქტში ნეიტრალურია, მაგრამ მხარს უჭერს რუსეთს პოლიტიკურად, რიტორიკულად და ეკონომიკურად იმ დროს, როცა ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების გამო დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს და ცდილობენ მის იზოლირებას.

ცინ განგი ჩინეთის მთავრობის უმაღლესი დონის წარმომადგენელია, რომელმაც ასეთი მკაფიო განცხადება გააკეთა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე. მან დასძინა, რომ ჩინეთი ასევე დაარეგულირებს ორმაგი სამოქალაქო და სამხედრო გამოყენების პროდუქციის ექსპორტს.

„სამხედრო დანიშნულების ექსპორტთან დაკავშირებით, ჩინეთი ფრთხილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს“, - თქვა ცინმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებაში.

თებერვალში, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „სერიოზული პრობლემა“ იქნებოდა.

ანალენა ბერბოკმა ასევე ისაუბრა ჩინეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის როლზე და თქვა, რომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კონფლიქტის დასრულებაში.

”მაგრამ მე უნდა მაინტერესებდეს, რატომ არ შეიცავს ჩინეთის პოზიციონირებას მოწოდება აგრესორისთვის, რუსეთისადმი, შეწყვიტოს ომი”, - თქვა მან. “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტ (ვლადიმირ) პუტინს ამის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს აქვს და უკრაინაში ხალხს არაფერი სურს უფრო მეტად, ვიდრე საბოლოოდ შეძლოს ისევ მშვიდად ცხოვრება“, - თქვა მან. გერმანიის საგარო საქმეთა მინისტრმა, პეკინში ვიზიტი გუშინ დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG