ღაზაში საწვავის პირველი პარტია შევიდა

ღაზის სექტორში, ქ. რაფაში, ეგვიპტის მხრიდან საწვავით დატვირთული მანქანა შედის. 15 ნოემბერი, 2023 წ.

ისრაელის მიერ დაჯგუფება "ჰამასთან" ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში პირველად შევიდა კრიტიკულად აუცილებელი საწვავი. თუმცა, გაეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ჩატანილი დიზელის მოცულობა ძალზე მცირეა და ადგილზე მოთხოვნას ის ვერ დააკმაყოფილებს.

24 000 ლიტრამდე საწვავის შეტანა სექტორში მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამაზე ნებართვა ისრაელში გაიცა. დიზელი ეგვიპტის მხრიდან ქალაქ რაფაში ოთხშაბათს, 15 ნოემბერს, გაეროს მანქანებით ჩაიტანეს. ადგილობრივი წყაროები საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ეუბნებიან, რომ საწვავი არ არის განკუთვნილი საავადმყოფოებისთვის.

„ეს არის მხოლოდ 9% იმისა, რაც ყოველდღიურად გვჭირდება სასიცოცხლო აქტივობისთვის“, ამბობს ტომ უაითი, გაეროს დახმარების სააგენტოს (UNRWA) დირექტორი ღაზაში. განცხადება მან სოციალური მედიის პლატფორმაზე X გამოაქვეყნა. უაითმა დაადასტურა, რომ ღაზაში მხოლოდ 23,000 ლიტრზე მეტი, ანუ ნახევარი ტანკერი საწვავი მიიღეს.

„მთელი ჩვენი [ჰუმანიტარული დახმარების] ოპერაცია ახლა კოლაფსის პირასაა“, - განაცხადა გაეროს იმავე სააგენტოს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ. მისი თქმით, "აღმაშფოთებელია ის, რომ საწვავის გამოყენება კვლავ ომის იარაღად ხდება".

ასევე ნახეთ: ისრაელს ღაზის დაპყრობა არ აინტერესებს - ნეთანიაჰუ

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ღაზაში საწვავის ნაკლებობა უკიდურესად ართულებს იქ მცხოვრები ორიდან სამ მილიონამდე მოსახლეობის მდგომარეობას. საწვავი კრიტიკულად აუცილებელია საავადმყოფოების ელექტრომომარაგებისთვის, ასევე წყლის, კანალიზაციის და სხვა კომუნიკაციების უზრუნვესაყოფად, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების გასანაწილებლად.

საერთაშორისო დახმარების მიწოდება ეგვიპტიდან ღაზაში 21 ოქტომბრიდან დაიწყო. მაგრამ, ვინაიდან ისრაელმა უარი თქვა საწვავის მიწოდებაზე, ადგილზე საკვების და სხვა აუცილებელი სასიცოცხლო დახმარების განაწილებაც გართულდა. ისრაელი აცხადებს, რომ საწვავი შესაძლოა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბოლო დღეებია იმეორებს, რომ მას მალე მოუწევს ჰუმანიტარული ოპერაციების შეჩერება, რადგან საწვავის მარაგი ღაზაში სრულებით ამოიწურა. ცოტა ხნით ადრე, გაერომ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტის გამო, სატელეკომუნიკაციო მონაცემთა ცენტრების და კავშირის წერტილების დახურვა 48 საათის განმავლობაში იყო მოსალოდნელი.

ისრაელმა პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასს“ ომი რვა ოქტომბერს გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წევრები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მომხდარი თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაიღუპა 1 400 ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, „ჰამასმა“ 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

Your browser doesn’t support HTML5

რამდენად მიღწევადია ისრაელის მიზანი გაანადგუროს "ჰამასი" ?