მას შემდეგ რაც მოსკოვმა ზაფხულში, შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება დატოვა, უკრაინის პორტი პირველმა დიდმა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს და ამბობს, რომ კიევი რუსეთის დე-ფაქტო ბლოკადას არღვევს.
„გემი „აროიატი“ პორტიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მასზე 17 600 ტონა უკრაინული ხორბალი აიტვირთა ეგვიპტეში [გასაგზავნად]“,- წერს სოციალურ ქსელ „ექსში“ ოლექსანდრ კუბრაკოვი და გემის ფოტოს ავრცელებს, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - ზელენსკიეს უკვე რიგით მეორე გემია, რომელიც უკრაინულ პორტს შავ ზღვაში ამ კვირის განმავლობაში ტოვებს. ის იმ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გადაადგილდება, რომლითაც სატვირთო გემები უკრაინულ პორტებს ტოვებენ. პირველი გემი შედარებით პატარა ზომის იყო და მან გეზი აფრიკისკენ აიღო. ის 300 ტონა მარცვლეულით იყო დატვირთული.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლმა უკრაინული პორტების სრული ბლოკადა მოახდინა. შედეგად, შავი ზღვის მხრიდან უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი შეწყდა, რამაც მსოფლიოში სასურსათო კრიზისს შეუწყო ხელი.
დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის ეს ნაბიჯი შანტაჟად შეაფასა. გაეროსა და თურქეთის ჩართულობით, 2022 წლის ივლისიდან ე.წ. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდებოდა. ერთი წლის თავზე, 2023 წლის ზაფხულშ,ი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარი იერიშების საბაბით, კრემლმა შეთანხმება დატოვა. ამას გარდა, მოსკოვი აცხადებს, რომ მის მიმართ გაცემული დაპირებები არ სრულდება.
მოსკოვის შეთანხმებაში დაბრუნებას ოფიციალური ანკარა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მეთაურობით ცდილობს. თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა.
ასევე ნახეთ: "შესანიშნავი დიალოგი გვქონდა" - ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრაზეზაფხულის ბოლოს უკრაინამ „ჰუმანიტარული დერეფანი“ შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპირო ზოლებს. ამ მარშრუტით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხუთმა გემმა დატოვა უკრაინული პორტები.
შეთანხმების დატოვების შემდეგ, მოსკოვი სისტემატურად ბომბავს უკრაინულ პორტებს. კიევის მტკიცებით იერიშები ხორციელდება საპორტო ინფრასტრუქტურაზე და მარცვლეულის საწყობებზე. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ფორმით რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს.