ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - ზელენსკი


უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ იარაღის ერთობლივი წარმოება წამოიწყონ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, 22 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კიევს საშუალებას მისცემს, საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება დაიწყოს.

უკრაინელებისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ ეს გრძელვადიანი შეთანხმება უკრაინაში სამუშაო ადგილებს და ახალ ინდუსტრიულ ბაზას შექმნის.

„ეს იყო ზალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით. და გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა უკრაინამ საჭირო იარაღი შეერთებულ შტატებთან ერთად აწარმოოს. თავდაცვის [სექტორში] შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული რამ არის“ - ამბობს ზელენსკი პარასკევს დილით, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ზელენსკიმ თქვა, რომ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ, რომელიც უკრაინაში იარაღის წარმოებას ზედამხედველობს, უკრაინაში სამომავლო შესაძლო სამუშაოების შესახებ, ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს სამ ასოციაციასთან, რომლებიც 2000-ზე მეტ თავდაცვის ამერიკულ კომპანიას აერთიანებს.

„შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ვემზადებით თავდაცვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა შევქმნათ იარაღი შემდგომი თავისუფლების გასაძლიერებლად და ერთად დავიცვათ სიცოცხლე“, - თქვა ზელენსკიმ, დამატებითი დეტალების გამჟღავნების გარეშე.

უკრაინა დიდად არის დამოკიდებული დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაზე. ამ დამოკიდებულების შესამცირებლად, ადგილობრივი მწარმოებლების მოდერნიზაციისა და ფრონტზე მიწოდების გაზრდის მიზნით, ზელენსკი და მისი გუნდი შიდა თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებს უბიძგებს.

ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ კიევი მალე უმასპინძლებს იარაღის წარმოების საერთაშორისო ფორუმს, რომელიც კომპანიებს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მიიწვევს.

უკრაინის მთავრობა ასევე ახორციელებს რეფორმებს იარაღის მწარმოებელ მთავარ კომპანიაში "უკრობორონპრომი", გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, წარმოების შესაძლებლობების გასაზრდელად და დასავლურ მწარმოებლებთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის საშუალების შესაქმნელად.

უკრაინამ უკვე შეათანხმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი ცენტრალური ევროპის მწარმოებლებთან, უკრაინული ტანკებისა და სხვა მანქანების შესაკეთებლად. ამასთან, მუშაობდა დრონებისა და რაკეტების წარმოების განვითარებაზე.

XS
SM
MD
LG