უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა და რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილის სკეპტიციზმის ფონზე, მათ დახმარების გაგრძელებს სთხოვა.
გაეროში სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისა და დამატებითი მხარდაჭერის მცდელობის შემდეგ, ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია. აშშ-ის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, მან უკვე გამართა შეხვედრა კაპიტოლიუმში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ტავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, პრეზიდენტ ბაიდენთან და მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლა ეროვნული არქივის მუზეუმში.
კაპიტოლიუმში, უკრაინის პრეზიდენტი, ტრადიციულად, სამხედრო მწვანეში ჩაცმული მივიდა, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს ხაზს უსვამს მის, როგორც ომის ეპოქის ლიდერის სტატუსს. ზელენსკის კაპიტოლიუმში, ძველი სენატის ისტორიულ დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ, - ნათქვამია სენატორ კრის მერფის პოსტში, რომელიც პლატფორმ X-ზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვქონდა“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, კაპიტოლიუმში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკიმ სენატორებს განუცხადა, რომ სამხედრო დახმარება გადამწყვეტია უკრაინის ომისთვის, - თქვა უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა სენატის პალატაში შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
„თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ“, - ციტირებს შუმერი ზელენსკის სიტყვებს.
პენტაგონში ზელენსკის დახვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამასთან, პრეზიდენტი და მდივანი, 11 სექტემბრის მემორიალს ეწვივნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის, თეთრ სახლში, ვაშინგტონის დროით 15:00 საათზე ელოდებიან. პრეზიდენტებს შორის დაგეგმილია ჯერ პირისპირ შეხვედრა, მოგვიანებით კი გაფართოებული ორმხრივი შეხვედრა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, ვაშინგტონში ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე, ერთდღიანი ვიზიტია.