უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 575-ე დღეს, 21 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში მეორედ უმასპინძლა.
გასული წლის დეკემბერში გამართული ვიზიტისგან განსხვავებით, ამჯერად პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ვაშინგტონს და თეთრ სახლს, ასევე სტუმრობდა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა. პრეზიდენტებმა პრესისთვის პირველი განცხადებები ოვალურ კაბინეტში გააკეთეს. მოგვიანებით, შემაჯამებელი განცხადებები გაფართოებული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მშვიდობას გზას მხოლოდ რუსეთი უღობავს და პრეზიდენტი ზელენსკი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით რჩება.
„მშვიდობას გზაზე მხოლოდ რუსეთი უდგას. მას დღესვე შეუძლია ეს დაასრულოს. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან, მეტი იარაღის მიღებას ცდილობს. [ის] არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას, რომლის მიღებასაც მხარი თავად დაუჭირა. ჩვენ ვართ მონდომებული, დავეხმაროთ უკრაინას, შექმნას ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება, რომელიც შეძლებს შეაჩეროს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მომავალი საფრთხეები, რაც ახლა გრძელდება. იმიტომ, რომ ეს ის არის, რაც ეხება მომავალს, თავისუფლების მომავალს. ამერიკა, ჩვენ ვერ და არასდროს დავთმობთ ამას. სწორედ ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, 575 დღის შემდეგ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ თქვენთან დგომას. ჩვენ ვამაყობთ თქვენთან ერთად დგომით, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ თქვენთან ვრჩებით“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ამავე, გაფართოებულ ორმხრივ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. მისი თქმით, პაკეტი „მოიცავს მეტ არტილერიას, მეტ საბრძოლო მასალას, თუ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. მომდევნო კვირაში კი, უკრაინაში პირველი ამერიკული „აბრამსის“ ტანკები ჩავა. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ [უკრაინის] კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს, წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში".
უსაფრთხოების დახმარების ამ პაკეტზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სწორედ ის არის, რაც უკრაინელ ჯარისკაცებს ახლა სჭირდებათ. ზელენსკიმ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს და თქვა, რომ თეთრ სახლში კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღეს.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ უკრაინის მომავალ ძალებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ახალი აგრესია ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს იქნება ვილნიუსის დიდი შვიდეულის დეკლარაციის და ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებების ერთ-ერთი შედეგი. ჩვენ მივაღწიეთ ახალ შეთანხმებას, რომელიც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს, - დაწვრილებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბატონ პრეზიდენტს, უკრაინის თავდაცვის [დახმარების] ახალი პაკეტისთვის. ეს ძალიან ძლიერი პაკეტია, დიდი მადლობა, ის მოიცავს ზუსტად იმას, რაც ჩვენს ჯარისკაცებს ახლა სჭირდებათ. ამასთან, ამ ზამთრის სეზონზე, შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. შევთანხმდით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გასაფართოებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე. ასევე, გავაგრძელებთ მშვიდობის ფორმულაზე მუშაობას. ასე რომ, დიდი მადლობა, არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, არამედ მთელი ამ 575 დღისთვის, - გმადლობთ!“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დასასრულს, პრეზიდენტ ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა ის დარწმუნებული, რომ უკრაინის შემდგომი დახმარებისთვის, მის ძალისხმევას კონგრესი მხარს დაუჭერს. პრეზიდენტმა თქვა, რომ კონგრესის საღი აზრის იმედი აქვს და რომ ამის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უკრაინის შემდგომი დახმარებისთვის, თეთრი სახლი კონგრესს 24 მილიარდი დოლარის დამტკიცებას სთხოვს.
თუმცა, რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილს, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს:
„ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ეს იყო პირდაპირი და ვფიქრობ, პროდუქტიული საუბარი. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ანგარიშვალდებულების საკითხი და ეს საკითხი მასთან საუბრისას დავაყენე. ვკითხე, სად ვართ ბრძოლის ველზე, ვკითხე სხვადასხვა გეგმების შესახებ... პრეზიდენტმა ზელენსკიმ გარკვეული ცვლილებები განახორციელა. აი, მას ჰყავს ახალი თავდაცვის მინისტრი, შეცვალა რამდენიმე ადამიანი, ვინც შესყიდვების სფეროში მუშაობდა. ეს პირდაპირი გაუმჯობესება იყო. ვფიქრობ, ის ძალიან პირდაპირი იყო იმაზე, თუ სად დგას ომი ახლა და როგორია სამოქმედო გეგმა. ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ. ჩვენ ძალიან ღია ვართ, ძალიან დიდი ღია სივრცეა იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო, რა არის მიმართულება, რა იქნება გამარჯვება... ვფიქრობ, ბევრი ეს ეჭვი, პრეზიდენტ ბაიდენისგან გამომდინარეობს. მას არ უთქვამს ამერიკული საზოგადოებისთვის, - რა იქნება გამარჯვება. რა არის საჭირო ამ გამარჯვებისთვის. მაგრამ, მჯერა, როცა თვალს ვადევნებთ, საით მივდივართ ახლა. ზელენსკიმ ჩემს ბევრ კითხვას უპასუხა”.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკარტიმ, ჟურნალისტებთან ეს განცხადება კაპიტოლიუმში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს, სენატის ისტორიულ პალატაში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ლიდერები.
„ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ სენატორები, თეთრი სახლი, შეერთებული შტატები, მართლა სრულიად ამერიკა მხარს გვიჭერს. მხარს გვიჭერენ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან და ახლა ყველაფერში ჩვენ გვერდით არიან. ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე ჩვენი გეგმების შესახებ, - არ შემიძლია დეტალებზე მედიასთან საუბარი, მაგრამ ვფიქრობ ძალიან, ძალიან ძლიერი კავშირები გვაქვს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან მოკლე კომენტარი ასევე გააკეთა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა: „ნება მომეცით გითხრათ ერთადერთი წინადადება, რომელიც ამ ყველაფერს აჯამებს - „თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ“ - ეს ბატონმა ზელენსკიმ თქვა“.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, შეხვედრა ასევე გამართა პენტაგონში. მოგვიანებით კი, პირველ ლედისთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალი, მზესუმზირის ყვავილებით შეამკო.