აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს შეხვდნენ, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრონ.
მოლაპარაკებები ევლახში, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოც აპირებს, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს. შეხვედრა დღეს გაიმართება.
ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დკაავშირებით, რომ სროლის ხმა ისმოდა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც სომხები სტეფანაკენტს უწოდებენ, ხოლო აზერბაიჯანელები ხანკენდის. ეთნიკურმა სომხებმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.
რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობო ძალები ჰყავს, ხუთშაბათს განაცხადა, რომ 5,000 მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია მოახდინა ტერიტორიიდან.
ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ოთხშაბათს ერევანში, სომხეთის დედაქალაქში. მათ მოუწოდეს მთავრობას დაეცვა სომხები მთიან ყარაბაღში და მოითხოვეს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს სატელევიზიო მიმართვაში მოქალაქეებს გამარჯვება მულოცა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა რეგიონის სუვერენიტეტი.
მთიანი ყარაბაღის რეგიონი მთლიანად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, მაგრამ ძირითადად დასახლებულია ეთნიკური სომხებით და 1994 წლიდან იყო ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ. მისი ნაწილი აზერბაიჯანმა დაიბრუნა 2020 წლის ომის შემდეგ.