ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაროკო მიწისძვრის შემდგომ აღდგენაზე 11.7 მილიარდ დოლარს დახარჯავს


ოთხშაბათს, მაროკოს სამეფო სასახლემ განაცხადა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, მიწისძვრის შემდგომ აღდგენის გეგმის ფარგლებში, ქვეყანა სულ მცირე 11,7 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

8 სექტემბერს მომხდარმა 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, მეტწილად ატლასის მთების ძნელად მისადგომ სოფლებში, 2,900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მეფე მოჰამედ VI-ის მთავრობის და სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლემ გამოაცხადა, რომ გეგმის სამიზნე, ყველაზე მეტად დაზარალებული პროვინციების 4,2 მილიონი ადამიანი იქნება.

გეგმა მოიცავს ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ინფრასტრუქტურის ისეთი სახით აღდგენას, როგორიც მიწისძვრით დაზარალებულ ადგილებში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია განცხადებაში.

მიწისძვრით დაზარალებული ადგილები მაროკოს ყველაზე ღარიბი ადგილებია. ბევრ მოშორებულ სოფელს გზა და საჯარო სამსახურები არ გააჩნია.

სამეფო სასახლემ თქვა, რომ გეგმა მთავრობის ბიუჯეტის, საერთაშორისო დახმარების და მიწისძვრის საპასუხოდ შექმნილი ფონდის მეშვეობით დაფინანსდება.

ამ დროისთვის ფონდმა შეწირულობის სახით 700 მილიონი დოლარი მიიღო.

სამეფო სასახლემ გასულ კვირაში თქვა, რომ 50 ათასი დაზიანებული სახლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფარს და 3,000 დოლარს მისცემს.

მთავრობა ასევე დაპირდა 14,000 დოლარს დანგრეული სახლების და 8,000 დოლარს დაზიანებული სახლების აღსადგენად.

XS
SM
MD
LG