ტრამპის ახალი სოციალური ქსელის გამოცდა დაიწყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი სოციალური მედიის აპლიკაციის შესახებ დეტალები ირკვევა. "თრუს სოშალ", ანუ სიმართლის სოციალური ქსელის სატესტო რეჟიმში მოხმარება 500-მდე ბეტა-მომხმარებელმა უკვე დაიწყო. ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

ასევე ნახეთ: ტრამპს ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს 

ტრამპის მიერ ინიცირებული სოციალური მედიის გამოცდა მასზე მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. ზუსტად ერთი წლის წინ ტრამპი პოპუალური სოციალური მედიებიდან - "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ალფაბეტსი" და "იუთუბი" - დაბლოკეს. სოციალური მედიის კორპორაციების გადაწყვეტილება 6 იანვრის მოვლენებით იყო განპირობებული, როცა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

ტრამპთან ერთად, სოციალურ ქსელში ანგარიშები დაუბლოკეს სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებსაც. სწორედ მაშინ, ტრამპის ერთ-ერთმა კომპანიამ, "ტრამპის მედია და ტექნოლოგიური ჯგუფი" თქვა, რომ ისინი შექმნიდნენ სოციალურ ქსელს "ცენზურის" გარეშე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევინ ნუნესის თქმით, სოციალური ქსელი მარტიდან ამოქმედდება.