მსოფლიოს ჯანდაცვის სპეციალისტები უახლეს ინფორმაციას კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ შეშფოთებით და ფხიზლად შეხვდნენ. ვარიანტი სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი. ევროკავშირი და ბრიტანეთი, 8 სახელმწიფოსთან ერთად, სამხრეთ აფრიკასთან და მის მეზობლებთან საჰაერო მიმოსვლას ამკაცრებენ. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად რეზისტენტულია ახალი მუტაცია ვაქცინების მიმართ.
ბრიტანეთმა სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან ფრენები აკრძალა. იქიდან დაბრუნებულმა მგზავრებმა კი კარანტინი უნდა გაიარონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ზომები ნაჩქარევია. თუმცა ერვოკომისიის თავმჯდომარე ურსულა ვონ დერ ლეიენი ამბობს, რომ ევროკავშირს რეგიონიდან ფრენების
შეზღუდვა სურს.
მეცნიერები ამ ახალ ვარიანტს ჯერ კიდევ სწავლობენ. ის ამ კვირაში აღმოაჩინეს, მაგრამ მის შესახებ ცნობებმა გლობალური საფონდო ბირჟები უკვე შეარყია და ნავთობის გაყიდვებზეც იმოქმედა. სამხრეთ აფრიკის ისედაც დაზარალებული ეკონომიკისთვის კიდევ ერთი მოსალოდნელი დარტმის თაობაზე შიშმა კი ბევრი ადამიანი და სფერო მოიცვა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო ამბობს, რომ ახალ ვარიანტს აქვს ცილის წაწვეტება, ე.წ. სპაიკ-ცილა, რომელიც არსებითად განსხვავებულია იმ ცილისგან, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო, თავდაპირველი ვაქცინები ეფუძნებოდა და 30-მდე მუტაციას მოიცავს.
თუკი ამჟამად გავრცელებული ვაქცინები შედარებით უფრო ნაცნობი დელტა ვარიანტის მიმართ მაინც წარმატებულია, მოსახლეობას შიში გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ვაქცინები ახალი ვარიანტის მიმართ. "მეცნიერების აღწერის მიხედვით, ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვარიანტია, რაც კი აქამდე გვინახავს", - უთხრა ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა "სქაი-ნიუსს".
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟენევაში ექსპერტებს შეხვდნენ და ახალი ვარიანტის - B.1.1.529-ის საფრთხეზე ისაუბრეს. ჯანმოს პრეს-სპიკერის თანახმად, ამ ეტაპზე სპეციალისტები მოგზაურობის შეზღუდვას არ ემხრობიან.
"ამ ეტაპზე სამგზავრო შეზღუდვების დაწესების საწინააღმდეგო გაფრთხილება გვაქვს. ჯანმო რეკომენდაციას გასცემს, რომ ქვეყნებმა გამოიყენონ რისკების შეფასებაზე დაფუძნებული სამეცნიერო მიდგომა, როდესაც მგზავრობაზე შეზღუდვას დააწესებენ", - ამბობს ორგანიზაციის პრეს-სპიკერი.
ასევე ნახეთ: რუსეთში კოვიდ19-ის ახალი, უფრო რთული ვარიანტი ვრცელდებამისივე განმარტებით, ამ დროისთვის იმ ინფიცირებულთაგან, ვის ანალიზსაც გენეტიკური კვლევა ჩაუტარდა, ახალი ვარიანტის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ის "მუტაციების დიდ რაოდენობას" მოიცავს და უფრო მეტ კვლევას საჭიროებს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი ამბობს, რომ ახალი ვარიანტი სავარაუდოდ სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია. "ამ ვარიანტის გენეტიკური ანალიზი პირველად ჰონგ-კონგიდან გამოქვეყნებულ შემთხვევაში დაფიქსირდა იმ ადამიანის ანალიზში, რომელიც იქ სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდა. შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაშიც და დიდი ალბათობაა, რომ ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა", - უთხრა ჯავიდმა კანონმდებლებს.
თუმცა, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამგზავრო შეზღუდვების შემოღება შესაძლოა დაგვიანებულიც კი იყოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება კი ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, რათა დაარწმუნოს ეს უკანასკნელი, მოხსნას შეზღუდვები ქვეყნიდან განხორციელებულ ფრენებზე. თუმცა მსგავსი შეზღუდვები აამოქმედა იტალიამაც, ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც გასული 14 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა. ინდოეთმა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრების ტესტირების ბრძანება გამოსცა, იაპონიამ კი ხუთი აფრიკული სახელმწიფოდან ჩასული სტუმრების კონტროლის ზომებიც გაამკაცრა.
ისრაელმა აფრიკის სამხრეთი ნაწილის ქვეყნებიდან მგზავრობა უკვე აკრძალა. პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ამბობს, რომ ახალი ვარანტის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირებულია. მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ ახალი ვარიანტით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ორი თვის წინ "ფაიზერის" ბუსტერ დოზით აიცრა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების ზღვარზეა, რადგან მთავრობას სურს სწრაფად, ძლიერად და დაუყოვნებლივ იმოქმედოს.
ევროპის ქვეყნებს ახალი ვარიანტის აღმოჩენა განსაკუთრებით აშინებთ მაშინ, როდესაც ზამთარი და დიდი დღესასწაულები ახლოვდება. მოქალაქეთა უმეტესობა დახურულ სივრცეებში იკრიბება, მოგზაურობს და დიდ თავყრილობებსაც ესწრება.
კორონავირუსმა, რომელიც 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს და 2020 წელს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა, თითქმის 260 მილიონი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და 5.4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.