ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FDA-მ "ფაიზერისა" და "მოდერნას" ბუსტერ დოზა ყველა ზრდასრულისთვის დაამტკიცა


შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გამაძლიერებელი დოზა - ე.წ. „ბუსტერი“, დღეს ყველა ზრდასრული ამერიკელისთვის დაამტკიცა.

მარეგულირებელი უწყება რეკომენდაციას გასცემს, რომ ზრდასრულმა მოქალაქეებმა მიიღონ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ბუსტერ დოზები იმ შემთხვევაში, თუ ამ ვაქცინების მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვეა გასული.

„შესაბამისობის კრიტერიუმების გამარტივება და ბუსტერ დოზების ხელმისაწვდომობა 18 წელზე უფროსი ადამიანებისთვის, დაეხმარება დაბნეულობის აღმოფხვრას იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მიიღოს გამაძლიერებელი დოზა“, - ნათქვამია FDA-ის ბიოლოგიური კვლევისა და შეფასების ცენტრის დირექტორის, პიტერ მარკსის განცხადებაში.

მარეგულირებელი უწყება, რომლის გადაწყვეტილებაც ამ პროცესში ბოლო ეტაპი უნდა იყოს, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრია - CDC. ამ საკითხის შესახებ ცენტრში პარასკევს, ვაშინგტონის დროით, შუა დღეს იმსჯელებენ. CDC-ის დირექტორი „ბუსტერ“ დოზების ყველა ზრდასრული ადამიანისთვის მიწოდებას საჯაროდ უჭერდა მხარს.

პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ კიდევ აგვისტოში ამბობდა, რომ 1 თვის განმავლობაში ბუსტერ დოზა ყველა ამერიკელისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუმცა მაშინ მეცნიერთა ნაწილი პრეზიდენტის განცხადებებს შეეწინააღმდეგა. მათ თქვეს, რომ მიუხედავად ბუსტერ დოზების ეფექტურობისა, მათი აუცილებლობა მოსახლეობის ფართო ჯგუფებისთვის იმ ეტაპზე კრიტიკული მნიშვნელობის არ იყო.

31 მილიონ ამერიკელზე მეტს, ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები უკვე მიღებული აქვს. მაგრამ, CDC-ის ამჟამინდელი რეკომენდაციით, გამაძლიერებელი დოზების მიღება მხოლოდ ადამიანთა იმ ჯგუფებისთვისაა დაშვებული, ვისაც ასაკის ან თანმდევი დაავადებების გამო სუსტი იმუნიტეტი აქვს. FDA აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კვლევის შედეგების მიხედვით მიიღო, რომელიც აჩვენებს, რომ ორივე ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, ორგანიზმის იმუნურ პასუხს აძლიერებს.

„ფაიზერის“ მონაცემების მიხედვით, მისი გამაძლიერებელი დოზა კორონავირუსის წინააღმდეგ 95.6% ეფექტიანობას აჩვენებს.

ამ დროისთვის, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონისა და ჯონსონის“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ამერიკელთა 60% სრულადაა აცრილი.

XS
SM
MD
LG