ინდონეზია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც "ნოვავაქსის" კოვიდ-19-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა. განცხადება ორშაბათს ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ გაავრცელა.
"ნოვავაქსის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ავტორიზაციას სხვა ქვეყნებშიც განიხილავენ. მათ შორისაა მარეგულირებლები შეერთებულ შტატებში, ევროპის კავშირში, კანადაში, ავსტრალიაში, თუ ინდოეთში.
ამ ვაქცინის ტექნოლოგია ზოგიერთი ავტორიზებული "მრნა" ტიპის ვაქცინისგან განსხვავებულია. "ნოვავაქსის" ორდოზიანი ვაქცინა დამზადებულია ლაბორატორიაში შექმნილი კორონავირუსის გარსზე არსებული ცილის წაწვეტების (ე.წ. სპაიკ-ცილების) ასლებით. "მრნა" ვაქცინები კი, როგორიცაა "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" ვაქცინები, ადამიანის ორგანიზმს უმეტესად ინსტრუქციას აძლევს, თუ როგორ ებრძოლოს ვირუსს.
ივნისში "ნოვავაქსმა" განაცხადა, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია კოვიდ-19-ის სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ. მათ კვლევაში 30 000-მდე ამერიკელი და მექსიკელი მონაწილეობდა. რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, კომპანიის განცხადებით, ისინი მსუბუქი ხასიათისაა და ჩხვლეტის არეში სიმძიმის შეგრძნებით, თავისტკივილით და შემცივნებით გამოიხატება.
ოქტომბერში ვაქცინის წარმოება მნიშვნელოვნად შენელებული იყო, რაც აუცილებელი შემადგენლობის მიწოდებაში მომხდარმა შეფერხებებმა გამოიწვია. "ნოვავაქსში" პირობას დებენ, რომ წლის ბოლოსთვის ისინი წარმოების მოცულობას გაზრდიან და თვეში ვაქცინის 150 მილიონი დოზის გამოშვებას შეძლებენ.
"ნოვავაქსის" ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება გაცილებით იოლია, ვიდრე დასავლეთში წარმოებული სხვა კოვიდ-19-ის ვაქცინების. ამიტომ მასზე განვითარებად ქვეყნებში დიდ იმედებს ამყარებენ.
ინდონეზია ორშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას პანდემიასთან ბრძოლაში გადადგმულ "ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად" თვლის. "ეს ვაქცინა გაცილებით იოლია ტრანსპორტირების, შენახვის და დისტრიბუციისთვის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდონეზია, სადაც ბევრი კუნძული გვაქვს" - თქვა ქვეყნის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა დიკი ბუდიმანმა. ის კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელია.
ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელთა შორისაა ინდონეზიაც, ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კოვიდ-19-ზე ინდონეზიაში ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 36% აიცრა. კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყანაში ივნისიდან აგვისტომდე მოგზაურობა შეიზღუდა. შედეგად, ინფიცირების მაჩვენებლებმა კლება დაიწყო და ახლა დღეში საშუალოდ 1 000-მდეა. გარდაცვლილთა რიცხვი ინდონეზიაში 143 400-ზე მეტია. თუმცა, აღრიცხვის ხარვეზებით სავსე პროცესის გამო, ითვლება, რომ კოვიდ-19-ის გართულებებით გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა.
Facebook Forum