ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველია თქვა, რომ ამერიკა ნორმალურთან მიახლოებულ მდგომარეობას 4 ივლისისთვის დაუბრუნდება. თუმცა, მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა, ან სიფრთხილის წესების დაუცველობა ახალი შემთხვევების ზრდას გამოიწვევს, ამიტომ ამ წესების დაცვა, კვლავ, აუცილებელი იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატები მოსახლეობის ვაქცინაციას აგრძელებს. კვირის მონაცემებით, ქვეყანაში 3 მილიონი ვაქცინა იყო გამოყენებული. ფაუჩის თქმით, მაისის ბოლოსთვის ქვეყანას საკმარისი ვაქცინა ექნება იმისთვის, რომ ნებისმიერმა ამერიკელმა, ვისაც ამის სურვილი ექნება, ვაქცინა გაიკეთოს. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ 1 მაისისთვის, ყველა ზრდასრულს შესაძლებლობა ექნება აიცრას.
ფაუჩიმ თქვა, რომ მცირე თავყრილობები, 4 ივლისისთვის, ანუ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის დასაშვები იქნება. თუმცა, ასევე თქვა, რომ ქვეყანაში პანდემია კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ფაუჩის თქმით, ქვეყანა ახლა პლატოზეა და დღეში, კორონავირუსის 50,000-დან 60,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
ფაუჩი ამბობს, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდია, თუმცა ვაქცინაციის დახმარებით სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია. მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ახალი ცენტრების გახსნის მეშვეობით, სულ უფრო მეტი ადამიანის აცრა და შესაბამისად, მათი ვირუსისგან დაცვა მოხერხდება.
ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ზოგიერთი შტატის გუბერნატომა ბიზნესებს უფლება მისცა, ნორმალური საქმიანობა აღადგინონ და სავალდებულო პირბადის ტარების წესიც გააუქმა. ფაუჩი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და ყველას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ პანდემიაზე გამარჯვების გამოცხადება ჯერ ძალიან ადრეა.
Facebook Forum