ისტორიის გაყალბება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია. კრემლი გამუდმებით ცდილობს წარმოაჩინოს მეზობელი სახელმწიფოები ქვეყნებად, რომლებმაც დემოკრატიული განვითარება ვერ შეძლეს, აქვთ ტერიტორიული თუ ეთნიკური კონფლიქტები და თითქოს, მისი გავლენის სფეროში რჩებიან. ისტორიის მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსული აგრესიის საუკუნოვანი ისტორიის გააზრება და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხის გაცემაა. თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 100 წელი გავიდა. დემოკრატიული განვითარების 70 წლით შეწყვეტილი პროგრესი და ტოტალიტარული წარსულის მემკვიდრეობა კი ქვეყანასა და მოსახლეობაზე დამოუკიდებლობის მოპოვების 30 წლის შემდეგაც ახდენს გავლენას.
„საქართველო აგრესორია“, „საქართველო ავიწროვებდა უმცირესობებს“, „ის არშემდგარი სახელმწიფოა“, - ეს მხოლოდ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია რუსეთის დეზინფორმაციული მანქანის მცდელობისა, გადაწეროს და გააყალბოს ისტორია, სცადოს როგორმე გაამართლოს 100 წლის წინანდელი საბჭოთა ოკუპაცია თუ 13 წლის წინანდელი ომი და კვლავ მიმდინარე მცოცავი ანექსია.
„რუსეთის მიერ ისტორიული ფაქტების გაყალბების ერთ-ერთი პრაქტიკული მიზანი არის ის, რომ მასთან ერთი-ერთზე დავრჩეთ“, - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე. „ისტორიის შესწავლა კი სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ გავიაზროთ, რა მოგვიტანა სხვადასხვა გარემოების გამო რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენამ 1921 წელს“.
კრემლის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი ღირებულებებზე გადის. პროპაგანდისტული მასალების უმთავრესი თემები, როგორც წესი, ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკური მისწრაფებებია.
როცა ერთი სახელმწიფო ისტორიას შენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებს, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი იყო ეს წარსული სინამდვილეში. ის კი ამ ისტორიის გაყალბებას არა მხოლოდ ახლა ცდილობს, არამედ ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართულად ყალიბდებოდა და იქმნებოდა საკუთარი წარსულისა და კოლექტიური მეხსიერებისადმი არასწორი დამოკიდებულება,- დიმიტრი სილაქაძე
ერთი მხრივ, მისი დაფინანსებული, მართული მედიასაშუალებები და ჯგუფები ცდილობენ დასავლეთი „გარყვნილების ბუდედ“ წარმოაჩინონ, რუსეთი კი - ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ძმად, რომელსაც ქართველების მსგავსი ღირებულებები აქვს. მეორე მხრივ კი, ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაარწმუნონ, თითქოს დასავლეთი წლების განმავლობაში არაფრით ეხმარება ქვეყანას:
„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი არ და ვერ ეხმარება ქვეყანას, ცდილობს, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გავრცელდეს. ეს განწყობები კი, ბუნებრივია, ერთ- ერთზე დაგვტოვებს რუსეთთან. ეს კი რა არის და რას ნიშნავს, ამის გაანალიზებაში სწორედ 20-იანი წლების შესწავლაც დაგვეხმარება“, - ამბობს ისტორიკოსი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
კრემლთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ძალების მიერ გავრცელებულ მასალებში ხშირად განზრახაა გაზვიადებული საბჭოთა წარსული, ერთმორწმუნეობის როლი. ვხედავთ, ინსტიტუტებისადმი რწმენის შერყევის, მათი დაკნინების, რუსეთის პასუხისმგებლობის შემცირების, საბოლოოდ კი - წარსულის გადაწერისა და „ალტერნატიული სიმართლის“ შექმნის მცდელობას.
პროპაგანდის რეალური გავლენის განსაზღვრა ანალიტიკოსებს კვლავ ძალიან უჭირთ, თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც, საქართველოს მოსახლეობაში ორადაა გაყოფილი აზრი იმის შესახებ, საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, თუ - ცუდი. შარშან, "CRRC საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, ხოლო 42%-ის აზრით – ცუდი. გამოკითხულთა 16%-მა უპასუხა, რომ „არ იცის“. მართალია კვლევის ავტორების თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად ძირითადად ასაკოვანი მოქალაქეები მიიჩნევდნენ, მაგრამ გამოკითხული ახალგაზრდებიდან ყოველი მეხუთეც ამას უარყოფით მოვლენად აფასებდა. 18-24 წლამდე ახალგაზრდების 50% მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, უარყოფითად - 21% აფასებდა. 28%-მა კი უპასუხა, რომ არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.
„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევების თანახმად, საქართველოში ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ სენტიმენტებს „ძველ კარგ დროსთან“ და „სოციალურად მეტ-ნაკლებად დაცული სახელმწიფოს იდეასთან“ დაკავშირებით, კრემლის მიერ ორკესტრირებული ფართომასშტაბიანი კამპანიები ამწვავებს და აღვივებს. ფონდის მკვლევრებმა ისტორიის ფაბრიკაციის რამდენიმე ტენდენციაც გამოავლინეს: ავტორიტარული რეჟიმებისა და დიქტატორების გაიდეალება - მაგალითად, სტალინის როლისა და „დამსახურების“ წარმოჩენა; ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამართლება ან უარყოფა - მაგალითად სტალინის, ბერიას, კადაფის, ფრანკოს ძალადობრივი მეთოდების განდიდება; საბჭოთა ჯარების მიერ 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში ამერიკის დადანაშაულება; და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება - თითქოს საბჭოთა კავშირი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების ოაზისი იყო.
წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, სოციალური მედიის ეპოქაში უამრავი მედიასაშუალება, ჯგუფი, სოციალური ქსელის გვერდი თუ მომხმარებელი ორგანიზებულად ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის უპირატესობა დასავლეთის საპირწონედ, აჩვენოს, რომ რუსეთთთან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რომ რუსული ბაზარი და მისი სამხედრო ძალები დასავლურს სჯობს, რომ დასავლური პროპაგანდის რისკი და ზიანი უფრო დიდია, ვიდრე - რუსულის და ა.შ.
ქართველი ისტორიკოსები და საქართველოს უცხოელი მკვლევრები ერთხმად ამბობენ, რომ საბჭოთა წარსულის გავლენისგან გათავისუფლება მხოლოდ მისი გააზრებით, მრავალფეროვანი კვლევით, განათლებით, საზოგადოების ინფორმირებით და ამასთან პოლიტიკური ნებითაა შესაძლებელი. დასავლეთის მხრიდან კი საქართველოს „ევროპული იდეისა“ და ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერითა და ხელშწყობით.
„ინდივიდუალური თუ კოლექტიური წარსულის სწორად გაგებისა და ცოდნის სურვილი ადამიანში ისედაც არსებობს, და როდესაც ამას ემატება კონკრეტული პრობლემა: როცა ერთი სახელმწიფო ისტორიას შენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებს, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი იყო ეს წარსული სინამდვილეში. ის კი ამ ისტორიის გაყალბებას არა მხოლოდ ახლა ცდილობს, არამედ ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართულად ყალიბდებოდა და იქმნებოდა საკუთარი წარსულისა და კოლექტიური მეხსიერებისადმი არასწორი დამოკიდებულება“, - ამბობს სილაქაძე.
ეს არის იმპერია, რომელიც უარს ამბობს, რომ მოკვდეს, რომელიც უარს ამბობს, რომ მის ყოფილ შემადგენელ ნაწილებს მისცეს დამოუკიდებლობის და ევროპული ოჯახის წევრობის საშუალება,- ბრაიან უიტმორი
ისტორიკოსის აზრით, პროპაგანდის მანქანასთან და სიყალბესთან დაპირისპირება იმ სიმართლითაა შესაძლებელი, რომელიც საქართველოს მხარესაა. ქვეყნის პოზიციები მისი აზრით, ძლიერი უნდა იყოს, რადგან ისინი ისტორიული კვლევებით და ფაქტებითაა გამყარებული. თუმცა პრობლემა ისაა, „როგორ ვიყენებთ ამ რეალობასა და ცოდნას“. რამდენად ხდება ცალკეული კვლევები უფრო ფართო და სახელმწიფოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის ნაწილი. მიუხედავად პანდემიის გამო არსებული ობიექტური შეზღუდვებისა, სილაქაძის თქმით, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი საქართველოში გამორჩეულად უნდა აღნიშნულიყო:
„ეს თვე უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის გააზრების თვე. გვენახა არა ტრაფარეტული განცხადებები და მემორიალის გვირგვინებით შემკობა, არამედ ბევრი დისკუსია, საერთაშორისო კონფერენცია, მსჯელობისა და დისკუსიის წახალისება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 100 წლის წინ. შეფასებების გაკეთება უმაღლეს დონეზე... თუმცა ამ ასი წლის თარიღთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მომხდარა. წარმომიდგენია, როგორ განსხვავებულ სურათს ვნახავთ 2039 წელს პოლონეთში“, - ამბობს სილაქაძე.
თარიღის მნიშვნელობაზე საუბრობს ბრაიან უიტმორიც, “ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც წლების განმავლობაში „ძალაუფლების ვერტიკალის“ ბლოგისა და პოდკასტის ავტორი და წამყვანი იყო, ასევე „რადიო თავისუფლების“ მთავარი ანალიტიკოსი რუსეთის საკითხებში.
„ეს თარიღი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ იყო მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისი, ეს ამავე დროს იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამწლიანი ექსპერიმენტის დასასრულიც, დასასრული იმ მცდელობისა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოებრიობის ნაწილი გამხდარიყო 103 წლის წინ“, - ამბობს უიტმორი და დასძენს: „საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო იმ დროისთვის ძლიერ ფუნქციური იყო და ისტორიკოსებმა ამის რეკონსტრუქცია უნდა განაგრძონ“.
ანალიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოებასა თუ ქვეყნის მმართველობაზე, პოლიტიკურ კულტურაზე საბჭოთა წარსული და „სისტემის“ გაკვეთილები კვლავ ახდენს გავლენას, ქვეყანამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ „საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს“ შესახებ ნარატივი გაძლიერდეს. „მნიშვნელოვანია, რომ ეს აღქმა დომინირებდეს ინფორმაციის ცირკულირების სისტემაში, ისტორიის წიგნებსა თუ მედიაში“, - ამბობს ის. ეს ყველაფერი, უიტმორის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობს მეზობელი სახელმწიფოების ბედისა და არჩევანის იმპერიის გადმოსახედიდან კონტროლს:
„3 წლის წინ ჩვენ პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი აღვნიშნეთ. საინტერესოა, რომ ეს იყო პრაქტიკულად ყველა იმპერიის დასასრულის დასაწყისი. მხოლოდ ერთი იმპერიაღა არსებობს მათ შორის, რომელიც კვლავ დაჟინებით ცდილობს, მოიქცეს როგორც იმპერია, ვნებს რუსეთსა და რუსეთის მეზობლებს. ამ თარიღების არსს ასე ვხედავ - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის იმპერია, რომელიც უარს ამბობს, რომ მოკვდეს, რომელიც უარს ამბობს, რომ მის ყოფილ შემადგენელ ნაწილებს მისცეს დამოუკიდებლობის და ევროპული ოჯახის წევრობის საშუალება“, - ამბობს უიტმორი და დასძენს, რომ რუსეთისა და რუსი ხალხისთვისაც იმავეს ისურვებდა, რასაც ბრიტანელებმა, გერმანელებმა თუ ავსტრიელებმა მიაღწიეს.
თუკი ქართველ ხალხს არ ემახსოვრება და პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, მაშინ ამ წარსულს სხვები მათ ნაცვლად განსაზღვრავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ რუსეთი მოახერხებს იმის თქმას, თითქოს საქართველო არც ისე მნიშვნელოვანია, თითქოს ის ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო. მათი მცდელობა კი, იყვნენ დამოუკიდებელნი, მარცხისთვისაა განწირული,ლი ედვარდსი
„მხოლოდ რუსები ვერ არიან ისე კარგად, [როგორც სხვა ყოფილი იმპერიის მოქალაქეები] იმიტომ, რომ იმპერია გსრუტავს. იმპერიულ ძალად ყოფნა შრეტს შენს შესაძლებლობას განვითარდე. რუსეთისთვის საუკეთესო იქნებოდა და რუს ხალხს ვუსურვებდი, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას ამ იმპერიულ კომპლექსზე და ისწავლოს, როგორ იყოს მხოლოდ ქვეყანა, როგორც ეს გერმანიამ, ბრიტანეთმა, ავსტრიამ და თურქეთმა გააკეთეს“, - ამბობს უიტმორი.
მკვლევრები როგორც საქართველოში, ისე - ამერიკაში, თანხმდებიან, რომ ქვეყანამ არ უნდა მისცეს რუსეთს შესაძლებლობა, მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ისტორიისა თუ რეალობის გაყალბებით ხელი შეუშალოს.
„საქართველოს სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ევროპულ სახელმწიფოდ ყოფნა, მას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არაა წევრობის კანდიდატი. ეს დამატებით გაურკვევლობას ქმნის იმის თაობაზე, თუ სად ვართ სრული ინტეგრაციის გზაზე. მაგრამ საჭიროა რთული საქმის გაკეთება: მოქალაქეებისთვის გეოპოლიტიკური ორიენტაციის ახსნა მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით: ახსნა, რატომ შეცვლის ეს მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ, როგორ შეუქმნის კეთილდღეობას მათ და მათ ოჯახებს“, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის მკვლევარი, ალექსანდრ ქული.
ისტორიის კვლევის თანამედროვე და ხელშესახებ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს დიმიტრი სილაქაძეც: „იმ პერიოდის ცოდნა გვჭირდება, რათა ვიცოდეთ სიმართლე, ობიექტური ისტორია, ნებისმიერი მიმართულებით პროპაგანდისტული ნაარატივების, მიწებებული მითების გარეშე. და შემდეგ სწორად გავიაზროთ ის. რადგან ახლაც, როდესაც თანამედროვე რუსეთთან ურთიერთობაზე და დათმობებზე ვსაუბრობთ, თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ შენი დათმობის საპირწონედ ეს სახელმწიფო არასდროს არაფერს თმობს. მეზობელ ქვეყნებს კი უყურებს, როგორც მეტროპოლიები - კოლონიებს“, - ამბობს სილაქაძე.
„კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდის“ დირექტორს, ამერიკული კონსერვატიზმის მკვლევარ-ისტორიკოსსა და 25-მდე წიგნის ავტორს, ლი ედვარდს კი მიაჩნია, რომ საქართველო მზად უნდა იყოს გაყალბებული ისტორიისთვის ფაქტობრივი სიმართლის დასაპირისპირებლად. მისი აზრით, ეს ქვეყნისა და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
„თუკი ქართველ ხალხს არ ემახსოვრება და პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, მაშინ ამ წარსულს სხვები მათ ნაცვლად განსაზღვრავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ რუსეთი მოახერხებს იმის თქმას, თითქოს საქართველო არც ისე მნიშვნელოვანია, თითქოს ის ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო. მათი მცდელობა კი, იყვნენ დამოუკიდებელნი, მარცხისთვისაა განწირული. ბევრი რამაა, რასაც მეორე მხარე იტყვის და თუკი საქართველოს მხრიდან სიჩუმე იქნება, მაშინ მისი ხალხი, კულტურა, ისტორია გაქრება. ამის დაშვება არ შეიძლება“, - ამბობს ლი ედვარდსი.
Facebook Forum