საბჭოთა კავშირის დაშლიდან და 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც, მოსახლეობის 41 % საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის უარყოფით მოვლენად აფასებს. როგორია პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების გამოწვევები, რატომ გვჭირდება დემოკრატიული განვითარების 70-წლიანი წყვეტის ისტორიის გააზრება და მისი გავლენის დანახვა - საბჭოთა წარსულის მნიშვნელობაზე და მისი ცოდნის აუცილებლობაზე, „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდის“ დირექტორს, ამერიკული კონსერვატიზმის მკვლევარ-ისტორიკოსსა და 25-მდე წიგნის ავტორს, ლი ედვარდს ვესაუბრეთ.
- რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულის კვლევა და მისი მნიშვნელობის გააზრება დღეს, საქართველოს გასაბჭოებიდან 99 წლის შემდეგ?
ვფიქრობ, ისტორიის კვლევის მნიშვნელობაზე საუბრისას ძალიან ძნელია საქართველოზე უკეთესი მაგალითის მოძებნა. ეს 99 წლის წინ იყო და ქართველი ხალხი არასდროს დანებებულა. ეს იყო მაგალითი შეუპოვრობის, საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ბრძოლა, უდრეკი ხასიათით და განცდით. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოს მსგავს ისტორიებს ვყვებოდეთ.
რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ 70 წლის გატარება? რა გავლენას ტოვებს ეს ხალხზე ან რა მსგავსება აერთიანებთ საზოგადოებებს, რომლებიც ამგვარ რეჟიმებში ცხოვრობდნენ?
ტოტალიტარიზმია ის, რაც საბჭოთა კავშირი იყო და ის, რაც ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაც ჩინეთია დღეს. ტოტალიტარიზმი უმცირეს დამოუკიდებლობასაც კი არ ტოვებს. სწორედ ამიტომ ქართველი ხალხის, საქართველოსა და მისი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისაუბრონ საკუთარ იმ თავისუფლებებზე, რომლებიც არ ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ.
როგორც ზბიგნევ ბჟეზინსკი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი/მკვლევარი განმარტავდა ტოტალიტარიზმს, იქ არ არის პრესის, შეკრების თავისუფლება, თავისუფალი არჩევნები, კანონის უზენაესობა. თუკი თავს ჰკითხავთ, რას უშვრებოდა საბჭოთა ხელისუფლება ყველა ამ ფაქტორს საქართველოში, აღმოსავლეთ თუ ცენტრალურ ევროპაში - მათ ყველა ეს თავისუფლება მოსპეს.
ასე რომ, ჩემთვის ეს არის ტოტალიტარიზმის სახე, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი აზრი გამოხატონ, იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, აღმსარებლობა, პრესა, შეკრება თუ სხვა. ტოტალიტარიზმია ის, რაც საბჭოთა კავშირი იყო და ის, რაც ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ რაც ჩინეთია დღეს. ტოტალიტარიზმი უმცირეს დამოუკიდებლობასაც კი არ ტოვებს.
სწორედ ამიტომ ქართველი ხალხის, საქართველოსა და მისი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისაუბრონ საკუთარ იმ თავისუფლებებზე, რომლებიც არ ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ.
რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს ცოდნა უფრო პრაქტიკული, ხელშესახები გახდეს? როგორ გადალახეს ამ წარსულის გავლენა სხვა ქვეყნებმა?
ისევ და ისევ, ეს ყველაფერი წარსულის შესახებ სიმართლის თქმის ნაწილია. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ისტორიის იგნორირებას, რადგან ასე შესაძლოა იგივე შეცდომები გავიმეოროთ. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ამ წარსულისადმი მიძღვნილი ბევრი მუზეუმია, მათ შორის, ჩემი აზრით, საუკეთესო ბუდაპეშტში, უნგრეთში მდებარე „ტერორის სახლია“. მათ შეძლეს აღეწერათ ის, რისი ჩვენებაც სამწუხაროდ საჭირო იყო: როგორი საშინელი იყო ცხოვრება საბჭოთა, კომუნისტური რეჟიმების ქვეშ, როგორ აწამებდნენ, როგორ არ მიუწვდებოდათ ხელი არა მხოლოდ ზოგისთვის ეფემერულ საგნებზე, როგორიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებაა, არამედ ის, რომ მათ წამლების თუ საკვები პროდუქტების მისაღებად რიგებში დგომა უხდებოდათ.
სიმართლის თქმა უნდა გაგრძელდეს, რადგან თავისუფლებას დაკარგვისგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. უნდა განაგრძოთ ამაზე საუბარი.
კარგი იქნებოდა საქართველოს ჰქონოდა ასეთი მუზეუმი. ასევე იმ ადამიანების ისტორიების მოსმენა, ვინც ათწლეულების განმავლობაში იტანჯა საბჭოთა რეჟიმის გამო. სიმართლის თქმა უნდა გაგრძელდეს, რადგან თავისუფლებას დაკარგვისგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. უნდა განაგრძოთ ამაზე საუბარი.
თუმცა ამ თემებზე საუბარი ხშირად არც ხალხს და არც პოლიტიკურ ელიტას, არ სურს. ეს მასობრივი ტრავმული გამოცდილების და შესაძლო სირცხვილის უგულვებელყოფაა თუ უბრალოდ სურვილი, არ გავუსწოროთ თვალი სიმართლეს?
მე არ ვარ ფსიქიატრი, მაგრამ რაც ვიცი, ის არის, რომ თუკი წარსულს დამარხავ, ამით არც შენს თავს არგებ და არც ქვეყანას. თუ არ ამბობ სიმართლეს, ეს შენი ქვეყნისთვისაც ცუდია. და დიახ, სიმართლეა, რომ ხან გინდა ამ სიმართლის დამარხვა, გინდა მისთვის ზურგის შექცევა. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, უნდა დაუპირისპირდეთ მათ, როგორც ეს გააკეთეს პოლონეთში, უნგრეთში და სხვაგან ცენტრალურ თუ აღმოსავლეთ ევროპაში. არის მაგალითები იმ ხალხებისა, ვინც არ იყო კმაყოფილი წარსულის დამარხვით და ჰქონდა გამბედაობა და სურვილი, რომ წამომადგარიყო და ეთქვა სიმართლე.
ამ წელს გამოკითხული მოსახლეობის 40%-ზე მეტი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის უარყოფითი მოვლენა იყო. არის ეს კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ არ გვესმის, რა გამოვიარეთ?
ასეთი რეაქცია ხშირია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. „ძველი, კარგი დროის“ გახსენება“. ამას უნდა დავუპირისპირდეთ, როგორც მთავრობა, ისე ადამიანები საჯარო ცხოვრებაში და მედია. ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წასვლას. მიხარია, რომ არის მაგალითები, როდესაც ამ წარსულის მიმღებლობა ბევრ ქვეყანაში ნელ-ნელა შემცირდა. თუკი მას სწორად მივუდგებით, ეს ასე მოხდება.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გადააზრება დღეს, უკვე რუსული, მცოცავი ოკუპაციის და აგრესიის კონტექსტში? რა ხდება, როდესაც ისტორიით მანიპულაციის პირისპირ ვრჩებით?
ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან მათი საბჭოთა ისტორია გაცილებით გრძელია, 40 წლით მეტი ხანი გაატარეს მათ ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ. მაგრამ დღევანდელ დღეს და თუნდაც სოციალური მედიის პირობებში, ვფიქრობ ადამიანებმა ნამდვილად უნდა შეხედონ წარსულს, წყაროებს. ეს წარსული შეიძლება განვიხილოთ ისტორიკოსებთან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ამერიკიდან, ბრიტანეთიდან გერმანიიდან და სხვებთან. ჩვენ ფონდი სიხარულით დავაკავშირებდით მსურველებს საჭირო ხალხთან.
თუკი ქართველ ხალხს არ ემახსოვრება და პატივს არ სცემს საკუთარ წარსულს, მაშინ ამ წარსულს სხვები მათ ნაცვლად განსაზღვრავენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ რუსეთი მოახერხებს იმის თქმას, თითქოს საქართველო არც ისე მნიშვნელოვანია, თითქოს ის ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო. მათი მცდელობა კი, იყვნენ დამოუკიდებელნი, მარცხისთვისაა განწირული. ბევრი რამაა, რასაც მეორე მხარე იტყვის და თუკი საქართველოს მხრიდან სიჩუმე იქნება, მაშინ მისი ხალხი, კულტურა, ისტორია გაქრება. ამის დაშვება არ შეიძლება. მიხარია, რომ ბევრი სხვა ასეთი მაგალითიცაა, მაგრამ საქართველოზე უკეთესი მაგალითი ვერ წარმომიდგენია.
ერთ-ერთ წინა ინტერვიუში „ამერიკის ხმასთან“ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობდით. რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ კონტექსტში ამგვარი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც საქართველო და უკრაინაა?
ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიას თუ გადავხედავთ, ის რომ დასავლეთმა და ამერიკამ საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაცია არ აღიარა, ერთ-ერთი არსებითი ნაწილი იყო მათი გამძლეობის და იმის, რომ არ დანებდნენ. ვფიქრობ ეს საქართველოს და ქართველ ხალხს ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს აძლევს. საინტერესო და აღსანიშნავი გამოცდილება იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციაც. რაც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ოდესღაც რომელიმე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ცხოვრობდა. ეს იყო მაგალითი ამ სხვა ქვეყნებისთვისაც.
საქართველო „ჰერიტიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მე-16, ევროპაში კი მე-9 ადგილს იკავებს. მიუხედავად ამდენი ათეული წლისა, რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ გაატარეს. ეს შესანიშნავი მიღწევაა, რომლითაც ქვეყანა უნდა ამაყობდეს. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ უდრეკი ხასიათის გარეშე, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ წაშალა.
Facebook Forum