ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები რუსეთის გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 1.4 მილიარდი ევროს გამოყენებაზე შეთანხმდნენ, რათა უკრაინას, ძირითადად, შეიარაღება და ასევე სხვა ტიპის დახმარება მიაწოდონ. ამ ფაქტმა უნგრეთის განაწყენება გამოიწვია, რომელმაც პარტნიორები წესების „უსირცხვილო“ დარღვევაში დაადანაშაულა.
შეთანხმებას ევროპული ბლოკის წევრებმა პირველად მაისში მიაღწიეს. თუმცა, უნგრეთი, რომელიც რუსეთთან უფრო თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს, ვიდრე ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებთან, გადაწყვეტილების აღსრულებას აქამდე ბლოკავდა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნატოს და ევროკავშირს უკრაინის დახმარების გამო აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ კიევის დახმარება ხელს უწყობს კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას.
ასევე ნახეთ: დიდი შვიდეული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის სესხის მიცემის შეთანხმებაზე შეჯერდა24 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ამჯერად უნგრეთის თანხმობა ამ კუთხით საჭირო აღარ არის. ბორელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.
"ამ წინაღობის გარეშე, ჩვენ საქმეს ახლა უკვე დავაჩქარებთ", - უთხრა ბორელმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, 1.4 მილიარდი ევრო მომავალ თვეშივე იქნება ხელმისაწვდომი. წლის ბოლომდე კი უკრაინას კიდევ ერთ მილიარდ ევროს მიაწვდიან. აღნიშნულ დახმარებას კიევი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებს.
როგორც ლუქსემბურგის შეხვედრაზე დამსწრე დიპლომატები ყვებიან, სხდომაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განსაკუთრებით არ უაქტიურია. მაგრამ, მოგვიანებით, მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ევროპის კავშირმა "მკვეთრი წითელი ხაზი გადაკვეთა". მისი თქმით, წარსულში ევროკავშირს "ევროპული წესების მსგავსი უსირცხვილო დარღვევა " არ ახსოვს.
უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გადაწყვეტილება, ამ თვეში, დიდმა შვიდეულმაც მიიღო. შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით, ისინი დააფინანსებენ უკრაინის დახმარების $50-მილიარდიან სესხს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებსრუსეთი იმუქრება, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, თუკი ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ თანხას უკრაინას მოახმარს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მარტში განაცხადა, რომ თუკი ამ აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად იქნება გამოყენებული, რუსეთი ამას "საკუთარი ინტერესების შესაბამისი" ყველა "სამართლებრივი მექანიზმით" დაუპირისპირდება. "ბუნებრივია, ჩვენ ყველა შესაძლო იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ - ყველას, რაც ახლაა ხელმისაწვდომი, ან რაც მომავალში გახდება შესაძლებელი", - უთხრა პესკოვმა მოსკოვში შეკრებილ ჟურნალისტებს.