ზოგიერთი დასავლური ბანკი სიფრთხილით ეკიდება ევროკავშირის წინადადებებს იმის თაობაზე, რომ მილიარდობით ევროს რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. საბანკო ინდუსტრიის მაღალჩინოსანები შიშობენ, რომ ამან შეიძლება ძვირადღირებული სასამართლო პროცესები გამოიწვიოს.
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა გეგმაზე, რომლითაც წელიწადში 3 მილიარდ ევროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის გამოიყენებენ. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სანქციების გამო გაყინული აქტივებით შეგროვებული თანხა, შეიძლება რამდენიმე თვეში სწორედ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.
თუმცა, ზოგიერთი ბანკი შიშობს, რომ მათ შესაძლოა მოგვიანებით რუსეთმა პასუხისმგებლობა დააკისროს, თუკი უკრაინისთვის ფულის გადარიცხვაში ჩაერთვებიან. ჟურნალისტებთან საობარში ზოგიერთი ამ ბანკის წარმომადგენელი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს გამოიწვევს დასავლეთის საბანკო სისტემისადმი ნდობის კლებას.
პირებმა, რომლებმაც უარი თქვეს ვინაობის დასახელებაზე, "როიტერს" უთხრეს, რომ ისინი თავიანთ შეშფოთებას უზიარებდნენ ბრიტანელ და ევროზონის პოლიტიკოსებს. მათი თქმით, სავარაუდო სასამართლო პროცესების თავიდან არიდება შეუძლებელი იქნება, როდესაც ანტირუსული სანქციები საბოლოოდ შემსუბუქდება, ან გაუქმდება.
რუსეთი ამბობს, რომ მისი კაპიტალის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა არის "ბანდიტობა", რომელიც გამოიწვევს ათწლეულების განმავლობაში იურიდიულ ქმედებებს ყველა მონაწილის წინააღმდეგ. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპასუხო ანგარიშსწორებას აპირებს, თუკი მისი აქტივები, ან შემოსავალი ევროკავშირის გეგმის მიხედვით დაიხარჯება.
"ევროქლიარი" ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის 190 მილიარდი ევროს ექვივალენტს. დასავლური ბანკები ასევე ფლობენ მილიარდობით ევროს, ფუნტსა და დოლარს აქტივებში, რომლებიც სანქციებს დაქვემდებარებულ კომპანიებსა და ფიზიკური პირებს ეკუთვნით.
ომის გამო, 3,5 მილიონზე მეტ რუსს გაყინული აქვს აქტივები საზღვარგარეთ, რაც დაახლოებით 1,5 ტრილიონი რუბლის, იგივე 16,32 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გასულ წელს.