ნატოს სამხედრო კომიტეტის უფროსმა, რობ ბაუერმა 21 მარტს, კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოკავშირეები არ უნდა იყვნენ პესიმისტურად განწყობილნი უკრაინის უნარის მიმართ, შეაჩეროს რუსული ჯარები. ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსანი მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას დამატებითი დახმარების პაკეტები სწრაფად მიაწოდონ.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ნატოს სამხედრო დელეგაცია, ბაუერის ხელმძღვანელობით, კიევში პირველად იმყოფება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო ჭურვების, ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვს და იბრძვის აღმოსავლეთით, სადაც რუსული ძალები წინ მიიწევს.
"უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება და თქვენ ეს გჭირდებათ ახლა. უკრაინაში დრო არ იზომება დღეებით, კვირებით ან თვეებით. ის იზომება ადამიანების სიცოცხლით. მოკავშირე ქვეყნებში კვირა კვირაა. უკრაინაში კვირა არის სამუდამოდ დაკარგული დედა, მამა, შვილი, მეგობარი, შეყვარებული”, - განაცხადა მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე.
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი, მიესალმა უკრაინის გამძლეობას და თანამედროვე ომის წარმოებაში სწრაფად ადაპტირების უნარს.
მიმდინარე საბრძოლო ვითარებაზე სასაუბროდ, ბაუერი ასევე შეხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდრე სირსკის. სირსკიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განაცხადა, რომ შეხვედრაზე საბრძოლო მასალის მიწოდებისა და საჰაერო თავდაცვის საკითხები განიხილეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური იყო 2023 წელს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, გავხდეთ ზედმეტად პესიმისტური 2024 წელს“, - განაცხადა ბაუერმა ფორუმზე და უკრაინის შესაძლებლობების მიმართ, ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, ნდობა გამოხატა.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრისას, ბაუერმა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების პერსპექტივები და თავდაცვის ინდუსტრიის კუთხით თანამშრომლობა განიხილა.