ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 20 მარტს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების პაკეტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ნაწილი ბლოკავს, "უკრაინაში ჩავა” და პირობა დადო, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა გაგრძელდება.
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პაკეტი, გასული წლის ბოლოდან მოყოლებული კონგრესშია გაყინული.
"ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას გავაკეთებთ. ჩვენ მივიღებთ ამ დახმარებას უკრაინისთვის” - განაცხადა სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსთან, ანდრი იერმაკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სალივანმა არ დაასახელა დახმარების მიწოდების ვადები, მაგრამ თქვა, რომ არ იყო საჭირო "ბ გეგმის" შესახებ საუბარი.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევასრულებთ გეგმას ა-ს. ჩვენ მივიღებთ ძლიერ ორპარტიულ [მხარდაჭერის პაკეტს] პალატაში”, - თქვა მან.
სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს, რუსულ ჯარებს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის მეექვსედზე მეტი. მოსკოვი წინ მიიწევს აღმოსავლეთში, იმ ფონზე, როცა უკრაინული ჯარი ამუნიციის დეფიციტს განიცდის, აქვს ცოცხალი ძალის პრობლემები და არსებობს კითხვის ნიშნები მათი თავდაცვითი სიმაგრეების სიღრმესა და სიძლიერეზე.
ერმაკმა თქვა, რომ სალივანთან ერთად განიხილეს უკრაინის ამჟამინდელი საბრძოლო საჭიროებები, ნატოს ვაშინგტონის სამიტი, რომელიც ივლისში გაიმართება და სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, რომლის ჩატარებაც კიევს ამ გაზაფხულზე სურს.
Facebook Forum