ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას უყრიან კენჭს


ფრანგი კანონმდებლები 12 მარტს გადაწყვეტენ დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას. კენჭისყრა არასავალდებულოა, თუმცა მას ყურადღებით აკვირდებიან საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა “როიტერს” განუცხადეს, რომ ისინი შიშობენ, რომ კენჭისყრა, რომელიც არ არის კიევისთვის სასარგებლო, სიმბოლურად უარყოფითი იქნება და შეიძლება ზიანი მიაყენოს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ძალისხმევას გაზარდოს თავისი ქვეყნის მხარდაჭერა მომდევნო თვეებში.

უკრაინასთან უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება მოიცავს პარიზის ვალდებულებებს მიაწოდოს მეტი იარაღი, მოამზადოს ჯარისკაცები და გაუგზავნოს 3 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება უკრაინას 2024 წელს.

ცოტა ხნის წინ მაკრონმა მკაცრი პოზიცია გამოთქვა რუსეთის მიმართ და მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს სასწრაფოდ მეტი გააკეფონ ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას.

ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ფრანგი კანონმდებლები კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. მათი ნაწილი უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

„ელაბის“ მიერ კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ საფრანგეთში უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარებისთვის გაწევის მხარდაჭერა შემცირდა. ასევე, დაახლოებით, 52%-მა თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში არასაბრძოლო ფრანგული ჯარების როლს, 79% კი ეწინააღმდეგება ომში საბრძოლო ჯარების გაგზავნას.

მაკრონის მხარდამჭერები ამბობენ, რომ კრიტიკულია ყველას პოზიციის გარკვევა, რადგან ომი მესამე წელს შედის.

„რუსეთის წინაშე ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს სუსტი პოზა“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ „ლე პარიზიენს“ სამშაბათს. მან მაკრონის ოპოზიციას მოუწოდა „შეწყვიტონ ორმაგი თამაში“.

XS
SM
MD
LG