რუსეთსა და გერმანიას შორის რუსული მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გამო ურთიერთობები იძაბება. ჩანაწერში გერმანიის ოფიციალური სამხედრო პირები უკრაინისთვის შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ და შესაძლო სამიზნეებს განიხილავენ.
სავარაუდო სამიზნეებს შორის განხილული იყო ყირიმის ხიდი, რომელზეც ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა. ყირიმის ხიდი რუსეთს უკრაინის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებს თუ არა? ჩნდება კითხვა რამდენად აკონტროლებს სიტუაციას ოლაფ შორლცი და ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია თუ არა. ორივე სცენარი ცუდია“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ არის ჩართული.
მოსკოვმა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარა. შეხვედრა სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით ერთ საათს გაგრძელდა და ის ისე დასრულდა, რომ დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.
თავის მხრივ გერმანია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ თავდასხმაზე საუბრობს და აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა არის თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერი გადამონტაჟებული ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
ბერლინი იძიებს, როგორ მოხდა გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება. კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
„ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა და გამოქვეყნება. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს“, - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კრემლმა დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ ომში მეორედ დაადანაშაულა. გერმანიამდე კრემლმა რუსეთთან პირდაპირ ომში ჩართულობაში საფრანგეთი დაადანაშაულა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების საპასუხოდ. მაკრონმა მაშინ თქვა, რომ ის უშვებდა უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას.
მაკრონის ამ განცხადებას გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ფრანგი სამხედროები უკრაინაში გამოჩნდებოდნენ, ისინი დამარცხდებიან ისე, როგორც ნაპოლეონის ჯარისკაცები 1812 წელს.
აქვე კრემლის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ბირთვულ იარაღზე და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული ომის პროვოცირებას ცდილობენ.
Facebook Forum