ხუთშაბათს, სულ ცოტა 112 პალესტინელის სიკვდილმა, რომლებიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდნენ, პარასკევს ფართო საერთაშორისო დაგმობა გამოიწვია. თვითმხილველებმა და ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ისრაელელების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგი იყო. ისრაელი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ხალხმრავლობის დროს ადამიანებმა ერთმანეთი გადათელეს, ზოგიერთს კი ადგილიდან გაქცეულმა სატვირთო მანქანებმა გადაუარეს.
ღაზის საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა თავიდან გამოაცხადეს, რომ ისრაელმა ღაზის დასავლეთ ნაწილში, ნაბუსის სატრანსპორტო წრეზე შეკრებილ ხალხს დაარტყა. მოგვიანებით თვითმხილველებმა თქვეს, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, როდესაც ადამიანები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებიდან ფქვილს და კონსერვებს იღებდნენ.
ბოლო კვირებში ჩრდილოეთ ღაზაში მცირე დახმარებამ შეაღწია და იქ მასობრივი შიმშილობაა. გაერომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ შიმშილობა გარდაუვალია.
თავდაპირველად ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თქვეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ იფიქრეს, ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებისკენ გაქცეული ხალხი „საფრთხეს წარმოადგენდა“.
ხუთშაბათს სოციალური მედიის X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეო განცხადებაში, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა თქვა, რომ ჯარისკაცებმა ხალხის დასაშლელად მხოლოდ „რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა“ მოახდინეს.
„თავდაცვის ძალებს დახმარების კოლონის მიმართულებით დარტყმა არ მოუხდენია“. თქვა კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ და დაამატა, რომ ადგილზე იყო ისრაელის ტანკები, რათა 38 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონის გასავლელად, ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა მოეხდინა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდაპირველად ასევე განაცხადა, რომ „მიწოლით, გადათელვით და სატვირთო მანქანების გადავლით, ათობით (ადამიანი) დაიღუპა“. ჰაგარიმ ამას დაამატა, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონას „ათასობით“ ღაზელი შეესია.
„ზოგიერთმა ძალადობრივად მიწოლა დაიწყო და ჰუმანიტარული მარაგის დატაცებისას, სხვა ღაზელები სასიკვდილოდაც კი გადათელა“, თქვა ჰაგარიმ.
მან თქვა, რომ დახმარება კერძო კონტრაქტორებს უნდა გაენაწილებინათ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა მსგავსი დახმარების ოპერაციები, წინა ოთხი ღამის განმავლობაში ინციდენტების გარეშე ჩაატარა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ოლივია დალტონმა ჩრდილოეთ ღაზაში მომხდარ ინციდენტს „საშინლად საგანგაშო და ჩვენთვის ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა. მან თქვა, რომ სიცოცხლის დაკარგვა „ღრმად ტრაგიკული“ იყო.
თეთრი სახლი ასევე ფიქრობს, რომ ეს ინციდენტი ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.