ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი: მშვიდობის შესანარჩუნებლად, ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს


ორშაბათს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პასუხად, ევროპამ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს და „ომის ეკონომიკაზე“ გადაერთოს.

ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, მიშელმა - რომელიც 21 მარტს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას გაუძღვება, რათა უკრაინის დახმარებაზე იმსჯელონ - თქვა, რომ ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება სჭირდება და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნებზე, როგორიც შეერთებული შტატებია.

„თუ არ გვექნება ევროკავშირში სწორი რეაქცია და უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად საკმარისად არ დავეხმარებით, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. შესაბამისად, თავდაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ და „ომის ეკონომიკაზე“ გადავერთოთ“, თქვა მიშელმა.

და იქვე დასძინა: „თუ მშვიდობა გვსურს, ომისთვის უნდა მოვემზადოთ“.

მიშელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპამ დიდი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის სამხედრო წარმოების მოცულობის 50 პროცენტით გაზრდით, ბევრად მეტი იყო საჭირო. ევროპა ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავდაცვაში და უსაფრთხოებაში საკმარის ინვესტიციას არ დებდა.

მიშელმა ევროკავშირის ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდა, უზრუნველყონ ის, რომ უკრაინამ მიიღოს, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება, მათ შორის - ევროკავშირის თანხების სამხედრო აღჭურვილობაზე დახარჯვა და რუსეთის გაყინული ქონებიდან მიღებული გაუთვალისწინებული შემოსავლის გამოყენება იარაღის შეძენით.

მან ქვეყნებს ასევე მტკიცედ მოუწოდა, თავდაცვაში ინვესტიციები კიდევ უფრო წაახალისონ და იმსჯელონ ევროპული საინვესტიციო ბანკის მანდატის ცვლილებაზე, რათა მას საშუალება მიეცეს ევროპის თავდაცვით ინდუსტრიას მხარი დაუჭიროს.

ორშაბათს, კიევის გაფრთხილების ფონზე, რომ რუსეთის უფრო მრავალრიცხოვანი ძალების წინააღმდეგ ფრონტის შესანარჩუნებლად მას მეტი რესურსები სჭირდება, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი დახმარების 5 მილიარდი ევროთი გაზრდის შეთანხმება დაამტკიცეს. უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარების პაკეტი ჯერ კიდევ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია შეყოვნებული.

XS
SM
MD
LG