ბელგოროდში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის

ოპერაცია "თავისუფალი რუსეთი" რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო რეგიონში გრძელდება. ბელგოროდში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა. შეტაკებების უკან, როგორც თავად აცხადებენ, შეიარაღებული რუსი მოხალისეები დგანან, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან.

„ბელგოროდის ოპერაცია არის გზავნილი პუტინისთვის. ერთადერთი მესიჯი გვაქვს მისთვის: ხელი მოაწერე კაპიტულაციას და დანებდი. შემდეგ შენ მიიღებ კომფორტულ ადგილს ჰააგის სასამართლოში“, - ამბობს ალექსეი ბარანოვკი, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ წარმომადგენელი.

ბელგოროდის გუბერნატორი განმარტავს, რომ გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები მოხდა საზღვრისპირა სოფლებში, რომლეთა შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს, რომ თავდასხმისთვის გამოყენებული იყო დრონები, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის ჯარმა გაანადგურა.

ასევე ნახეთ: ვინ არიან შეიარაღებული მებრძოლები რუსეთის ბელგოროდის რეგიონში? 

აფეთქებები ბელგოროდში მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აჯანყებული რუსი პარტიზანების პოზიციები განადგურებული იყო. 23 მაისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთი „მყისიერ და უკიდურესად მკაცრ რეაგირებას მოახდენდა რუსეთზე თავდასხმის ფაქტებზე. „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსული წყაროების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია 39 მოკლული ან დატყვევებულის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამბობს ბარანოვკი „რუსეთის თავისუფლების ლეგიონიდან“.

კრემლი ბელგოროდში მიმდინარე პროცესების უკან კიევის კვალს ხედავს. კიევი ბრალდებას უარყოფს.

„ლეგიონი თავისუფალი რუსეთი შედგება რუსი მოხალისეებისგან, ეს ლეგიონი არის ნაწილი უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის, რომელიც უკრაინის ჯარს ექვემდებარება. ცხადია, ამ ოპერაციას ავტორიზაცია სჭირდებოდა. მაგრამ აქ სხვა სახის კავშირი არ არის. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცები არ არიან. ისინი არ აკონტროლებენ ამ ოპერაციას. ისინი არ მართავენ მას. ეს არის ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები მართავენ“, - ამბობს ილია პონომარევი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბრის დროს. ილია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის წევრია“ და ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის პოლიტიკა რუსეთის მიმართ - "რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს"

საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ ბელგოროდში ამ დროისთვის ორი სამხედრო დაჯგუფება იბრძვის, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“.

იარაღი გვაქვს, სამხედრო მანქანები გვყავს, ყველაფერი გვაქვს სამხედრო თვითმფრინავების გარდა“, - ამბობს ალექსეი ბარანოვსკი.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ 2022 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულები არიან ის რუსი სამხედროები, რომლებიც 2014 წლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის ჯარის და პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. რამდენიმე თვით ადრე, 2022 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“.

ასევე ნახეთ: ვითარება ბელგოროდში - კიევისა და მოსკოვის პოზიციები

"[გვინდა] ვანახოთ ყველა რუსს რომ თავისუფლების ტალღა მოდის და ახალი რუსეთის შექმნა შესაძლებელია. გვინდა ვაჩვენოთ, რომ შეიარღებული წინააღმდეგობა არის სწორი გზა პუტინთან დასაპირისპირებლად. ჩვენ გვსურს მეტი მოხალისე შემოგვერთდეს, რათა ისინი დაგვჭირდებიან მოსკოვის გასათავისუფლებლად", - ამბობს ამბობს პონომარევი.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" სპეციალური ოპერაცია, როგორც ამას ისინი თვითონ უწოდებენ, ბელგოროდში 22 მაისს დაიწყო. მებრძოლებს "ახალი რუსული დროშა" აქვთ, რომელიც სამი ჰორიზონტალური ზოლისგან შედგება - თეთრი, ლურჯი და თეთრი.

კრემლში კი ამბობენ, რომ ამბოხებულები უნდა განადგურდნენ ისე "როგორც ვირთხები". განცხადება ამის შესახებ მოსკოვში დმიტრი მედვედევმა გააკეთა.