23 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ორ მებრძოლს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე. საქართველოში, ქიზიყში, სოფელ ჯუგაანში - 31 წლის ნიკა ჯიყაშვილს დაკრძალავენ. იგი 10 მაისს, ლუღანსკის ოლქში, რუსებთან შეტაკებისას დროს დაბომბვაში მოჰყვა. უკრაინაში, ქალაქ ოდესაში კი 27 წლის გიორგი გორელიშვილს გამოეთხოვებიან. გიორგი 15 მაისს, ბახმუტის გმირული დაცვის დროს დაეცა.
„როგორც კი ომი დაიწყო, მაშინვე გადაწყვიტა წასვლა. შეხედე ბავშვებს ხოცავენ რუსებიო. ვერ გადავაფიქრებინე... შარშან. აპრილში, მარტო წავიდა მოხალისედ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ნიკა ჯიყაშვილის მამამ, პაატა ჯიყაშვილმა.
„ჯარი ჰქონდა აქ მოხდილი, მერე სასაზღვროშიც იყო, საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც იმუშავა. ამ დონეზე ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. თავიდან ზურგში იყო. როცა რუსები კიევის ოლქიდან გაყარეს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, დანაღმული ტერიტორიის განაღვმაში მონაწილეობდა. რამდენიმე ქართველი იყო ბატალიონში მასთან ერთად.
შეხედე ბავშვებს ხოცავენ რუსებიო. ვერ გადავაფიქრებინე... შარშან. აპრილში, მარტო წავიდა მოხალისედ.. სულ ამბობდა, რომ რუსების დაწყებული არასწორი ომია და აუცილებლად უნდა დავამარცხოთო..5 წლის ბიჭი დარჩაპაატა ჯიყაშვილი, ნიკა ჯიყაშვილის მამა
ამის მერე, უკრაინის არმიასთან კონტრაქტი გაააფორმა და წინა ხაზზე იბრძოდა. როგორც ვიცი, ბოლოს საერთაშორისო ლეგიონში იყო. კონტაქტი მუდმივად ჰქონდა ოჯახთან. სულ ამბობდა, რომ რუსების დაწყებული არასწორი ომია და აუცილებლად უნდა დავამარცხოთო..
ბოლოს, ლუღანსკთან, კონტაქტურ ბრძოლაში ყოფილან, ამ დროს რუსებს დაბომბვა დაუწყიათ, ჭურვი ახლოს გამსკდარა და...მანდ 2 ქართველი დაიჭრა, ერთი მძიმედ, ერთმა კონტუზია მიიღო და ჯერ ისინი გამოიყვანეს. ნიკას გამოსვენება მხოლოდ ორი დღის მერე მოხერხდა, 20-ში ჩამოასვენეს და ხვალ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე ვკრძალავთ, 5 წლის ბიჭი დარჩა“ - გვითხრა ჯუგაანელმა პაატა ჯიყაშვილმა.
23 მაისს, ქართველ მებრძოლს გამოეთხოვებიან უკრაინის ქალაქ ოდესაშიც, საქართველოში დაბადებული გიორგი გორელიშვილი, 5 წლის ასაკიდან, სწორედ ამ შავიზღვისპირა ქალაქში იზრდებოდა, იგი უკრაინის მოქალაქე იყო.
აფხაზეთის ომის შემდეგ, დევნილებად იქცნენ. გიორგი აქ, საქართველოში დაიბადა. 2000 წელს, ოჯახი საცხოვრებლად, უკრაინაში, ოდესაში გადავიდა და იქ გაიზარდა...ქართულად საუბრობდა, გურიაში ჩამოდიოდა, ბახმუტთან დაეცაზვიად არზიანი, გიორგი გორელიშვილის ნათესავი
„გიორგის დედა მზია გადელია აფხაზეთიდან არის, მამა ნუგზარ გორელიშვილი გურულია. აფხაზეთში რო ომი დაიწყო, მამა სამშობლოს ქართულ ჯართან ერთად იარაღით ხელში იცავდა.
აფხაზეთის ომის შემდეგ, როგორც ყველა, დევნილებად იქცნენ. გიორგი აქ, საქართველოში დაიბადა. 2000 წელს, მთელი ოჯახი საცხოვრებლად, უკრაინაში, ოდესაში გადავიდა და გიორგიც იქ გაიზარდა“ - გვითხრა ოჯახის ნათესავმა ზვიად არზიანმა.
გიორგის სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, საუბრობდა ქართულად და როცა ახერხებდა, გურიაში, ლანჩხუთის რაიონში ჩამოდიოდა, სოფელ მაჩხვარეთში ნათესავებთან. როგორც კი მეორე სამშობლოს - უკრაინას დასჭირდა, იარაღი უყოყმანოდ აიღო ხელში.
„სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, ომამდე, ოდესის მერიის კომუნალურ სამსახურში მუშაობდა, ქალაქის გამწვანება ეხებოდა. როგორც უკრაინის მოქალაქე ომში გაწვევას დაექვემდებარა. პირველადი მზადება და წვრთნა ჟიტომირში გაიარა და შემდეგ წინა ხაზზე, ბახმუტში გადაისროლეს...ბახმუტის დაცვის დროს გმირულად დაეცა, სამწუხაროდ, საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოასწო“ - უთხრა "ამერიკის ხმას" ზვიად არზიანმა.
2022 წლის მარტიდან 2023 წლის მაისამდე რუს აგრესორებთან ბრძოლაში 47 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის პირველი ფაზის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაეცა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მაისამდე კი, რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომში უკვე 47 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.
აქედან, 18 ქართველი მოხალისე უკრაინული ქალაქის - ბახმუტის გმირულ დაცვას შეეწირა. სამწუხაროდ, ბახმუტთან დაღუპული - 7 ქართველი მეომრის ცხედრის გამოსვენება ფრონტის ხაზიდან ვერ მოხერხდა. ამ დრომდე უცნობია, როდის გაჩნდება ამის შესაძლებლობა, რუსი ოკუპანტები ცხედრების გაცვლაზეც უარს ამბობენ.