უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში, დიდი შვიდეულის (G-7) ლიდერების სამიტს შეუერთდება. ეს ზელენსკის ყველაზე შორი მოგზაურობაა, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა და 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. G-7-ის წევრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა უკრაინაში დამყარდეს "ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა".
მოსალოდნელი იყო, რომ ზელენსკი შვიდეულის ჯგუფს სიტყვით კვირას მიმართავდა, მაგრამ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსიე დანილოვმა, ეროვნული ტელევიზიით საუბრისას დაადასტურა, რომ ზელენსკი სამიტს ფიზიკურად დაესწრებოდა.
„იქ გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის ფიზიკური ყოფნა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მან.
ზელენსკის დასწრება დადასტურდა მას შემდეგ, რაც G-7-ის ლიდერებმა შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან და ევროკავშირიდან, დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, ერთად დადგნენ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ.
საერთო განცხადებაში ჯგუფმა პირობა დადო, რომ „გამოიყენებს პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტს და უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს იხმარს უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რაც შეიძლება მალე“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ მოხდება, რუსეთის ქვეყნიდან „სრული და უპირობო“ გასვლის გარეშე.
ახალი სანქციები რუსეთს
G-7-ის ლიდერებმა განაცხადეს ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც სანქციების ხარვეზების გამოსწორებას და მასზე თავის არიდების გართულებას ისახავს მიზნად. სანქციების მორიგი ტალღა ასევე მოიცავს ახალ სექტორებს. მხოლოდ შეერთებული შტატების სანქციები შავ სიაში შეიტანს დაახლოებით 70 რუსეთის და მესამე ქვეყნის სუბიექტს, რომლებიც თანამშრომლობენ მოსკოვის თავდაცვის ინდუსტრიასთან.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 300-ზე მეტ პირს, იურიდიულ ერთეულს, თვითმფრინავსა და გემს. გაერთიანებულმა სამეფომ კი აკრძალა რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინის და ნიკელის იმპორტი.
დღეს, 19 მაისს, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გაფართოებულ სანქციებში დამატებით 86 ინდივიდი და ორგანიზაცია მოხვდა. ბრიტანეთის ახალი ზომების სამიზნე რუსეთის ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულს უკანონოდ ითვისებენ, აწარმოებენ მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს და ასევე რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საშემოსავლო მოგებას ზრდიან.
ზელენსკი საუდის არაბეთშია
დიდი შვიდეულის სამიტზე ჩასვლამდე, დღეს, 19 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედას ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე დასწრებას გეგმავს.
ინფორმაცია საუდის არაბეთის საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს. მათივე ცნობით, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ზელენსკი შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამად ბინ-სალმანს.
ჯედაში ვიზიტამდე, უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საუდის არაბეთის სამეფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“ - განაცხადა ზელენსკიმ სოციალურ გვერდ "ტვიტერზე".
Facebook Forum