ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ახალ სანქციებში რუსეთის 86 ინდივიდი და ორგანიზაცია მოხვდა


დღეს, 19 მაისს, ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლონდონი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ გაიყინება სანქცირებულთა ანგარიშები.

გაფართოებულ სანქციებში დამატებით 86 ინდივიდი და ორგანიზაცია მოხვდა. ბრიტანეთის ახალი ზომების სამიზნე რუსეთის ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულს უკანონოდ ითვისებენ, აწარმოებენ მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს და ასევე რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საშემოსავლო მოგებას ზრდიან.

"სანქციების სამიზნეში მყოფი 86 ინდივიდი და ორგანიზაცია კავშირში არიან რუსეთის ენერგიის, მეტალის, თავდაცვის, ტრანსპორტის და ფინანსურ სექტორებთან" - ნათქვამია განცხადებაში. ლონდონის მიზანია, "გაიზარდოს წნეხი პუტინის დარჩენილ შემოსავლებზე და ამ სექტორების გამოყენებაზე მისი სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად".

სანქცირებულთა შორის მოხვდნენ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტში ჩართული პირები და კომპანიები, რომლებიც "როსატომთან" არიან დაკავშირებული. ეს უკანასკნელი გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო განცხადების მიხედვით, "აწარმოებს მოწინავე მასალას და ტექნოლოგიებს, რომელთა შორისაა ლაზერები".

ბრიტანეთის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული ანგარიშები გაყინული იქნება მანამდე, ვიდრე მოსკოვი არ დაიწყებს უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG