რესპუბლიკელმა ტიმ სკოტმა, საპრეზიდენტო კამპანია ფორმალურად, მშობლიური ქალაქიდან დაიწყო. ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინის შტატში სიტყვით გამოსვლისას, 57 წლის სკოტმა პერსონალურ გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საკუთარ წარმომავლობას. თქვა, რომ ღარიბ ოჯახში, მარტოხელა დედამ გაზარდა და ეს წარმოაჩინა იმის მაგალითად, რომ ამერიკა კვლავ რჩება შესაძლებლობების ქვეყნად.
მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც რასობრივ საკითხებში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ განიცადა. კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ არ არის რასისტული ქვეყანა. ამ ფონზე, ის თავს დაესხა დემოკრატებს და თქვა, რომ პარტიული მიზნებისთვის, ისინი რასობრივი განხეთქილების გაღვივებას ცდილობენ.
„ჯო ბაიდენი და რადიკალი მემარცხენეები, თავს ესხმიან კიბის ყველა საფეხურს, რომელიც სიმაღლეზე ასვლაში დამეხმარა. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ“ - თქვა ტიმ სკოტმა.
ტიმ სკოტი ამ დროისთვის ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორია და ის ამერიკის სენატში სამხრეთ კაროლინას წარმოადგენს. იმისათვის, რომ სკოტმა რესპუბლიკელები 2024 წელს არჩევნებზე წარმოადგინოს, მან შიდაპარტიულ ბრძოლაში სხვა კანდიდატები უნდა დაამარცხოს. ასეთი ამ ეტაპზე რამდენიმეა, ყველაზე ძლიერი მეტოქე დონალდ ტრამპია, რომელიც უკვე აქტიურად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. ტრამპმა გასული წლის ნოემბერში თქვა, რომ სურვილი აქვს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
სააგენტო „როიტერისა“ და „იფსოსის“ კვლევების თანახმად, სკოტს რეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩევლის 1 პროცენტი უჭერს მხარს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სენატორისთვის მხარდაჭერის მოპოვებისთვის ბრძოლა რთული იქნება, რადგან დონალდ ტრამპს პარტიაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. „როიტერისა“ და „იფსოსის“ კვლევების მიხედვით რეგისტრირებული რესპუბლიკელების 49 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.
რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის იბრძვის ნიკი ჰეილიც, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
სააგენტო "როიტერი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთვება ფლორიდის გუბერნატორიც, რონ დესანტესი.
დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი კი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ჯო ბაიდენი იქნება. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ოფიციალური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.