დაგლას ლუტი: "უკრაინის ჯარს ახლა ყველაზე რთული ტაქტიკური ამოცანა აქვს შესასრულებელი"

დაგლას ლუტი, აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალ ლეიტენანტი. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში. 2007 წ. მოსმენა კონგრესში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან წელიწადნახევარი გავიდა. კიევი დასავლელი პარტნიორებისგან უდიდეს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას იღებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ 18 თვის განმავლობაში არაერთი ტერიტორიიდან შეძლეს საოკუპაციო ძალების განდევნა, თუმცა ქვეყნის თითქმის მეხუთედი კვლავ ოკუპირებული რჩება. ამ ზაფხულს დაწყებული კონტრიერიში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ის ნელი პროგრესით გრძელდება. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის მოკავშირეებს და მხარდამჭერებსაც კი არარეალისტური წარმოდგენა აქვთ იმის თაობაზე, თუ რამდენის მიღწევა შეუძლია კიევის ძალებს თვეების განმავლობაში გამაგრებული რუსული ჯარის წინააღმდეგ, მით უფრო, შესაბამისი საავიაციო თუ შორი რადიუსის საჰაერო სისტემების გარეშე. შეერთებულმა შტატებმა სულ ახლახან გადაწყვიტა, რომ უკრაინა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს დანიისა და ნიდერლანდებისგან მას შემდეგ მიიღებს, რაც პილოტთა სათანადო წვრთნა დასრულდება. "უკრაინას უნდა მივცეთ ის ყველაფერი, რაც მას რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" ექკლუზიურ ინტერვიუში დაგლას ლუტი, შეერთებული შტატების არმიის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი და ყოფილი ელჩი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინს მათი მოთმინებისა და კიევის დახმარების პირობისადმი ერთგულების დარღვევის იმედი აქვს, გათვლას კი ფინანსურ სირთულეებზე, ადგილობრივ პრობლემებზე, არჩევნებზე, წინააღმდეგობრივ საკითხებზე აკეთებს, რათა უკრაინაში ომი კიდევ ერთ „გაყინულ კონფლიქტად“ იქცეს. როგორ ფიქრობთ, როგორ პასუხობენ ამ გამოწვევას დასავლური დემოკრატიები და გვაქვს თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს ერთგულება მცირდება, ან სუსტდება?

მართალია, პუტინის გათვლა სწორედ „გრძელვადიანი თამაშია“. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთი დაკარგავს ინტერესს, დაიღლება დახმარების ამ მასშტაბით მისი ყურადღება მოდუნდება, სხვა პოლიტიკური საკითხებით იქნება დაკავებული. მაგალითად, მომავალი წლის საპრეზიდენტო კამპანიით ამერიკაში და ა.შ. ის ამ ხანგრძლივ თამაშს თამაშობს.

ესაა ყველაზე რთული ტაქტიკური ამოცანა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ".

ვფიქრობ, ნატოს ვილნიუსის სამიტი პუტინისთვის ძალიან კარგი პასუხი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგით. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ისინი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მიაწვდიან უკრაინას იმდენ დახმარებას, რამდენიც მას დასჭირდება. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მომდევნო თვეებში იმას, გაფორმდება თუ არა ეს შეთანხმებები უკრაინასთან გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, როგორც ეკონომიკური, ისე - სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. Ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი საპასუხო ნაბიჯი იქნება პუტინის ამ გრძელვადიანი თამაშისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც მზად არიან იყვნენ ამ თამაშში ასევე ხანგრძლივად ჩართულნი.

მთავარია ჩვენ არ გაგვეფანტოს ყურადღება, არ დავიღალოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია პუტინს გამარჯვება. პრიორიტეტი ის უნდა იყოს, რომ ახლა, ვილნიუსის სამიტის შემდეგ გავაორმაგოთ კიევის სამხედრო მხარდაჭერა იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი, არ იქცეს ის კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტად, არამედ - დასრულდეს რუსეთის დამარცხებით.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, უკრაინა დასავლეთისგან იღებს იმას, რაც ომში დასარჩენად სჭირდება, მაგრამ არა იმას, რაც გამარჯვებისთვისაა აუცილებელი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსკოვი მაინც გარკვეულწილად წარმატებული იმის პრევენციაში, რომ კიევმა ვერ მიიღოს ის, რაც ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის სჭირდება?

ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება. ის გამუდმებით გვაწვდის თავისი სამხედრო მოთხოვნების სიას. რა არის ამ სიაში? პირველ ყოვლისა, ესაა უკვე მიწოდებული აღჭურვილობისთვის ტექნიკური უზრუნველყოფა და მომარაგება... უმნიშვნელოვანესია ამუნიციაც ამ შესაძლებლობებისთვის, კერძოდ კი საარტილერიო ჭურვები. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, კიევვისთვის „კასეტური ბომბების“ მიწოდების თაობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საარტილერიო ჭურვები უკვე მზადაა და შეიძლებოდა მათი უკრაინისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება.

Your browser doesn’t support HTML5

5-დღიანი ომის ნასწავლი და ვერ ნასწავლი გაკვეთილები

უკვე მიწოდებული იარაღისა და სისტემების გარდა, კიევი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას სჭირდება შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების თავდასხმითი სისტემები - იგივე ამერიკული „ატაკამსები“.

უკრაინას სურს დაარტყას რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრებს, რუსეთის ლოჯისტიკურ ნაწილებს, სატრანსპორტო კვანძებს, მოქმედ ქსელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ობიექტები მისი თავდასხმის რადიუსში, რისკის ქვეშ მოაქციოს. ეს კი იმისთვის, რომ ომი მიმდინარეობდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველის წინა ხაზზე, უშუალო შეხებით, ახლო დისტანციაზე, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეშიც.

მე მხარს ვუჭერ უკრაინელებისთვის „ატაკამსების“ მიცემას. მეტიც, F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიცემასაც… დროა ეს გაავაკეთოთ. ომი 18 თვეა, რაც გრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას არ აქვს ის სამხედრო შესაძლებლობები, რაც ომის მოსაგებად სჭირდება. მინდა ვნახო უფრო მეტად აგრესიული პოზიცია ამასთან დაკაშირებით. ჩვენ უნდა ვიხილოთ უკრიანის დახმარების პაკეტების გაგრძელებაც ადმინისტრაციისა და კონგრესის ერთობლივი მუშაობის შედეგად.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე ახსენა, რომ „ომი რუსებს რუსეთში უბრუნდებათ“, თუმცა როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე 2022 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე იერიში დასავლეთში ხშირად წინააღმდეგობრივ რეაქციას იწვევს და ვაშინგტონი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ის კიევს ამისკენ არ უბიძგებს. ზოგიერთი შორრადიუსიანი სისტემის მიწოდებაზე უარის მთავარი არგუმენტიც ხშირად სწორედ ისაა, რომ ამერიკული იარაღი თუ ჭურვი რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა დაეშვას. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა ეს დამოკიდებულება ამ 18 თვის განმავლობაში და რას ფიქრობენ ახლა დასავლელი ლიდერები იმაზე, რასაც უკრაინა საკუთარ უფლებას უწოდებს - შეუტიოს იმ სამხედრო სამიზნეებს, საიდანაც უკრაინას ესხმიან თავს?

ჩვენ გვაქვს არარეალისტური მოლოდინი უკრაინელებისგან, რომ ისინი გააკეთებენტაქტიკურ ბრძოლის ველზე იმას, რის გაკეთებასაც ამერიკული შენაერთი არც კი ეცდებოდა",
- დაგლას ლუტი

ამერიკამ და ნატოს სხვა მოკავშირე წევრებმა უკრაინისგან მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. და მართლაც, უკრაინამ ეს პირობა შეასრულა, მას დასავლური სისტემები რუსეთზე თავდასხმისთვის არ გამოუყენებია. ეს არ შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიას. ეს ეხება 2014 წლამდე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამ დრომდე უკრაინელთა პირობა, რომ ბრძოლა ამ ტერიტორიაზე აწარმოოს და დასავლური იარაღი მის მიღმა, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს, დაცულია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავუჯეროთ პრეზიდენტ ზელენსკის, უნდა დავუჯეროთ უკრაინის სამხედრო ლიდერებს, როცა ისინი ამ პირობას გვაძლევენ. ჩვენ უნდა გვქონდეს მათდამი რწმენა და მივაწოდოთ შორი რადიუსის მქონე ის სისტემები, რომლებიც სჭირდებათ.

ეს არ უნდა იყოს დაშვებული, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ჩვენ კი კვლავ უარს ვეუბნებით უკრაინას იმ შესაძლებლობებზე, რომ [მათ წინაააღმდეგ] იერიში მიიტანოს, და რომ რუსებს არ ჰქონდეთ ამ თავდასხმების შესაძლებლობა. შავი ზღვის ფლოტი არის გამორჩეული მაგალითი, რადგან ის სწორედ უკრაინულ ტერიტორიაზეა განთავსებული.

მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი სამხედრო ლოგიკა იმაში რომ უკრაინას უარს ვეუბნებოდეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც [რუსებისთვის] წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება.

გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ დაეხმაროს სხვა წევრ ქვეყანას თავის დაცვაში. სწორედ ესაა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამავე ქარტიით, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მივცეთ უკრაინას ის საშუალებები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება.

ასევე ნახეთ: რატომ გაიყო საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ მიმავალი გზები?

უკრაინის კონტრშეტევა ნელი პროგრესით და დიდი მსხვერპლის პირობებში გრძელდება. სამხედრო ექსპერტები გვიხსნიან, რომ მოლოდინი და ერთგვარი წნეხი იმის თაობაზე, რომ უკრაინამ დასავლელ მხარდამჭერებს ბრძოლის ველზე მიღწეული გამარჯვებები უნდა აჩვენოს, არარეალისტურია. როგორც ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, აგვიხსენით რას აკეთებს ახლა უკრაინა, როგორია მისი ტაქტიკა, პრიორიტეტები, რა სჭირდებათ და რა უჭირთ ახლა ყველაზე მეტად? რას ექნებოდა ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გავლენა?

უკრაინის კონტრიერიშს ახლა ყველაზე ძნელი ტაქტიკური დავალება აქვს, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ისინი ცდილობენ გაარღვიონ ფიქსირებული თავდაცვის ხაზები. წარმოიდგინეთ დანაღმული ველების, წინაღობების, ფიზიკური ბარიერების, თხრილების, ტანკების, მახეების და სხვა საშუალებათა თანმიმდევრული ჯაჭვები. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს პირდაპირი საიერიშო ცეცხლი, საარტილერიო სისტემები, რუსეთის თავდასხმითი ვერტმფრენები.

ესაა ყველაზე რთული ტაქტიკური ამოცანა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ამერიკული შენაერთი ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცდიდა, თუკი საარტილერიო უპირატესობა ექნებოდა, რაც უკრაინელებს არ აქვთ. ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს არარეალისტური მოლოდინი უკრაინელებისგან, რომ ისინი გააკეთებენტაქტიკურ ბრძოლის ველზე იმას, რის გაკეთებასაც ამერიკული შენაერთი არც კი ეცდებოდა. ჩვენ უნდა გვქონდეს რეალისტური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ უკრაინულ მხარეს ექნება მსხვერპლი, დანაკარგი იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც სჭირდებათ.

უკრაინელებს არ აქვთ საკმარისი განაღმვითი საშუალებაც დანაღმულ ველებზე გზის გასაკვლევად. შედეგად, ამ ველების გაწმენდაში პროგრესი, ამ ველებში შეღწევა გაცილებით უფრო ნელა ხდება, ვიდრე ჩვენ შეიძლება ველოდოთ. ვფიქრობ, გვჭირდება გარკვეული დონის რეალური აღქმა იმისა თუ რის გაკეთებას ცდილობენ ახლა უკრაინელები და რამდენად სწრაფად შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "ახლა უკრაინის ძალებში ეჭვის შეტანის დრო არ არის"

ვილნიუსის სამიტის შემდეგ გაისმა რამდენიმე მოწოდება იმის თაობაზე, რომ უკრაინულმა მხარემ მეტი მადლიერება უნდა გამოხატოს დასავლეთის მხარდაჭერის მიმართ. ამასთან, აქტიურდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ დიპლომატიური დისკუსიაც. მათ შორის გამორჩეული იყო ჯედაში გამართული შეხვედრა, სადაც ჩინეთიც მონაწილეობდა. დასავლურ მედიაში ჩნდება კითხვებიც იმის თაობაზე, ხომ არ იზრდება იმის რისკი, რომ უკრაინას პარტნიორებმა არასასურველი პირობებით მოლაპარაკებისკენ უბიძგონ. როგორ ფიქრობთ, არსებობს ამის რისკი?

გვჭირდება რეალური აღქმა იმისა,  თუ რის გაკეთებას ცდილობენ ახლა უკრაინელები და რამდენად სწრაფად შეუძლიათ წარმატების მიღწევა".

ვფიქრობ, დასავლელი ლიდერები ძალიან ნათლად ამბობენ იმას, რომ სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ, არის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი გეგმა და ის მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებს - პრინციპს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, [ტერიტორიას] 2014 წლამდელ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მოიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს. ასე რომ, რა მოხდება უკრაინის ტერიტორიაზე, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია და მათ ეს არავინ უნდა უკარნახოს ქვეყნის გარედან, მათ შორის არც რუსეთმა.

სხვათა შორის, რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩინეთიც კი ამ პრინციპებს ეთანხმება. ის, რაც ჯედაში მოხდა, იყო მხარდაჭერის განაცხადი იმის მიმართ, რასაც შეიძლება „ზელენსკის გეგმა“ ვუწოდოთ. გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთის ძალების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინული ტერიტორიებისდატოვებას და მხოლოდ შემდეგ ისეთი საკითხების განსაზღვრას, როგორიც ცეცხლის შეწყვეტა და სხვა თემებია.

ჯედაში შეხვედრა იყო ძალიან დადებითი ღონისძიება უკრაინული სუვერენიტეტისა და ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად. იმ 40 ქვეყანას შორის, რომელთა წარმომადგენლებიც ჯედას კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რუსეთი არ ყოფილა. Ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.