დღეიდან ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი. მან არჩევნებში საკუთარ პარტიას დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა და თემთა პალატაში დიდი უმრავლესობით მოვიდა.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, "ბი-ბი-სის" ცნობით, ამ ეტაპზე ლეიბორისტებს 412 მანდატი აქვთ, კონსერვატორებს კი, რომლებიც ქვეყანას სათავეში თითქმის 14 წელია ედგნენ - 121. გამარჯვებისთვის ლეიბორისტებს მხოლოდ 326 მანდატი სჭირდებოდათ. ამ ეტაპზე გასარკვევი მხოლოდ 2 პარლამენტარის ვინაობა დარჩა.
მას შემდეგ, რაც სტარმერმა დაახლოებით ერთი საათის წინ, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზისგან კურთხევა მიიღო, ის ფორმალურად პრემიერი გახდა და მეუღლე ვიქტორიასთან ერთად შეაბიჯა დაუნინგ-სტრიტის 10 ნომერში, პრემიერის რეზიდენციაში. მანამდე კი ბრიტანელებს მიმართა და დაჰპირდა, რომ დღეიდან პირველ ადგილზე ქვეყანას დააყენებს და პარტია მისთვის მხოლოდ მეორე იქნება.
"ჩვენ სასწრაფო საქმე გვაქვს და მას დღესვე შევუდგებით", - განაცხადა სტარმერმა მას შემდეგ, რაც მადლობა გადაუხადა წინა ადმინისტრაციას და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქვეყნო საქმეს ისინი ერთად გააკეთებენ. სტარმერი ახლა ბრიტანეთის მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის არჩევნებში, დიდი ალბათობით, ლეიბორისტები გაიმარჯვებენსტარმერამდე მეფეს რიში სუნაკი ეახლა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მას გადადგომის შესახებ აუწყა. სუნაკმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტიდანაც მალე გადადგება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით იურისტი, 61 წლის სტარმერი ადამიანის უფლებათა დამცველად მუშაობდა. ის ლეიბორისტულ პარტიას სათავეში სულ 4 წლის წინ, 2020 წელს ჩაუდგა, მანამდე, 2015 წლიდან ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო.
ლეიბორისტთა ლიდერის როლში, მან მემარცხენე პოზიციებიდან უფრო პოლიტიკური ცენტრისკენ გადაინაცვლა და ცენტრისტულ ფრთას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც პარტიაში ანტისემიტიზმთან მტკიცედ მებრძოლმა და ლეიბორისტული პარტიის რეფორმატორმა.
საგარეო პოლიტიკაში სტარმერი როგორც ჩანს, უკვე მიღებულ მიმართულებას გაჰყვება. მან მიანიშნა, რომ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის მალე შეხვდება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს "აგრესორი" უწოდა და კიევის მხარდაჭერაზეც ხაზგასმით საუბრობს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სრულიად გარკვევით ითქვას: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ერთიანი ფრონტით გაგრძელდება", - განაცხადა მან. სტარმერი ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს მორიგ სამიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 9 ივლისს გაიხსნება, ახლადფორმირებული მთავრობით წარდგება და მას იქ კარგი შესაძლებლობა ექნება, უკრაინისადმი მხარდაჭერა საქმით დაადასტუროს.
ლონდონში დაბადებული სტარმერი, პოლიტიკურ აქტივიზმში ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო. 16 წლის იყო, როცა ლეიბორისტულ პარტიაში ახალგაზრდა სოციალისტების ფრთას შეუერთდა.
2007 წელს სტარმერი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ვიქტორია ალეგზანდერზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ, ქალ-ვაჟი. სტარმერი ათეისტია და პეკატარიანული დიეტის მიმდევარი, რაც ზღვის პროდუქტების გარდა, გამორიცხავს ყველანაირი ცხოველისა და ფრინველის ხორცის მიღებას. მისი მეუღლე ვიქტორია ვეგეტარიანელია.