შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში ხანმოკლე ვიზიტით ჩადის. მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, ის გერმანიაში უკრაინის დახმარების გზებს განიხილავს.
წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი შეხვდება გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომელთაც უკრაინა დაბეჯითებით მოუწოდებს, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები კიევის დასახმარებლად. ამას გარდა, უმაღლესი დონის შეხვედრაზე, დიდი ალბათობით ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთში გაფართოებულ კონფლიქტზე და დიპლომატიურ ძალისხმევაზე იქ კონფლიქტის დასასრულებლად.
ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ავიაბაზაზე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტმა ქარიშხალ "მილტონის" გამო ის გადადო. ბაიდენი ბერლინში დღეს მოგვიანებით ჩაფრინდება. გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს კი პარასკევს დილითვე შეხვდება.
ერთი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მის მიერ შემუშავებული გამარჯვების გეგმის პუნქტები წარადგინა. პრეზიდენტმა სამი საიდუმლო პუნქტის გარდა, პარლამენტში გეგმის ყველა სხვა დეტალი გაამჟღავნა.
უკრაინას ნატოს სამხედრო ალიანსში უპირობო მიწვევა ახლავე სჭირდება, თქვა ზელენსკიმ. „გვესმის, რომ ნატოს წევრობა მომავლის საქმეა, არა აწმყოსი, მაგრამ პუტინმა შეიძლება დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები მარცხისკენ მიდის“, თქვა მან. ზელენსკის წინადადებით, ომის დამთავრების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად შეიძლება იყოს გამოყენებული და ჩანაცვლოს აშშ-ის ძალების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამჟამად ევროპაშია განლაგებული.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთის შემდგომი აგრესია მოსკოვისთვის იმის ჩვენებით, რომ ამას საპასუხო შედეგები მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები „შეუქცევადად უნდა გაძლიერდეს“ და ამის გასაკეთებლად რამდენიმე გზა წარმოადგინა. მან ასევე წარმოადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან, რაც უკრაინის ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად ერთობლივი ინვესტირების საშუალებას შექმნის. მან თქვა, რომ ამ რესურსების ღირებულება ტრილიონობით დოლარია.