ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაშია


მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი (მარცხნივ) კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. 3 ოქტომბერი, 2024 წ.
მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი (მარცხნივ) კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. 3 ოქტომბერი, 2024 წ.

მარკ რუტე - ნატოს ახალი გენერალური მდივანი, რომელმაც პოსტი იენს სტოლტენბერგისგან სულ ორი დღის წინ გადაიბარა, ახლა უკრაინაში იმყოფება. 3 ოქტომბერს კიევში გამართულ მოლაპარაკებაზე, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას კარგად ესმის, რუსეთის თავდასხმასთან მებრძოლი უკრაინის საჭიროებები.

ჟურნალისტებთან რუტემ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტში უკრაინაში ჩასვლა, რადგან სურდა, "ცხადად" ეთქვა უკრაინელი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც ეს აინტერესებს, რომ "ნატო უკრაინის გვერდში დგას". მისი თქმით, ზელენსკისთან განიხილა ის საჭიროებები, რომელიც ახლა კიევისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და ისაუბრეს იმ გზებზე, რომლითაც ნატოს მათი დაკმაყოფილება შეეძლება.

"ნატო უკრაინასთან დგას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა რუტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. ზელენსკის თქმით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის მიერ შემუშავებულ გამარჯვების გეგმაზე. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, მიაწოდონ მათ შეიარაღება და მისცენ ამ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება.

რუსეთი უკვე 31 თვეა უკრაინის ტერიტორიას უტევს. ამ დილით, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ დიდი რაოდენობით მტრის დრონები გაანეიტრალეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ 105-დან 78 დრონი ჩამოაგდეს. რუსეთმა კი განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს იარაღის საწყობი დონეცკში.

უკრაინაში მიმდინარე ომი ნატოსთვის - თავდაცვის ალიანსისთვის, რომელიც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა, სერიოზულ გამოწვევად რჩება. ევროპაში კვლავ მძვინვარებს ომი, რომლის მსგავსი მასშტაბის კონფლიქტიც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთის აგრესიის ფონზე, რომელიც მეზობელ სუვერენულ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, ქვეყნის მეხუთედს აკონტროლებს და ბრძოლას ისევ აგრძელებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. ნატოს დახმარების გაზრდის მოლოდინში რჩება კრემლის აგრესიის მთავარი მსხვერპლიც - უკრაინა.

ანალიტიკოსები რუტესგან ნატოს პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ მოელიან. პროგნოზების მიხედვით, რუტე გააგრძელებს სტოლტენბერგის მიერ დასახული მთავარი პრიორიტეტების დაცვას: კიევის გარშემო მეტ მხარდამჭერთა შემოკრებას, ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ევროპულ უსაფრთხოებაში შეერთებული შტატების ჩართულობის შენარჩუნებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG