ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

6 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერის თქმით, პეკინის დახმარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ომის გაგრძელებაში.

„ჩინეთი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გადამწყვეტი ძალა“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ოსლოში პარასკევს, 6 სექტემბერს შეკრებილ ჟურნალისტებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, "ჩინეთია ის, ვინც იძლევა ბევრი იარაღის წარმოების შესაძლებლობას, რომელსაც რუსეთი იყენებს" ამ ომში, რომელიც უკვე ორ წელიწად-ნახევარზე მეტს ითვლის.

სტოლტენბერგმა გააფრთხილა პეკინი, რომ ჩინეთის მიერ უკრაინაში ომის მუდმივმა გაღვივებამ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პეკინის ინტერესებსა და მის რეპუტაციაზე.

"მოვუწოდებ ჩინეთს შეწყვიტოს რუსეთის უკანონო ომის ხელშეწყობა",- აცხადებს სტოლტენბერგი.

პეკინის მხრიდან აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ჩინეთი წარსულში მსგავს ბრალდებებს "მავნე" და მიკერძოებულ შეფასებებს უწოდებდა.

ივლისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ სურს ომში მედიატორის როლში ჩინეთის ხილვა, რომელსაც რუსეთთან "ულიმიტო" პარტნიორობა აკავშირებს. მაგრამ, ზელენსკიმ იქვე გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულების საქმეში, პეკინი მოსკოვზე მეტ ზეწოლას მოახდენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG