უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმა" ოთხშანათს, 16 ოქტომბერს, უკრაინელ კანონმდებლებს წარუდგინა. ის მოკავშირეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ მომავალ წელს ომის დასრულება შეძლოს.
პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა" 5 მთავარი ნაწილისგან შედგება და ისინი "მოკავშირეების ხელშია". მათ შორის ნატოში უპირობო მიწვევა და იარაღით მხარდაჭერა. დასავლეთს კი უკრაინის ბუნებრივი რესურსების სექტორის განვითარებაში როლს სთავაზობს და ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია ნატოს უსაფრთხოება გააძლიეროს და ევროპაში ამერიკის ჯარების ნაწილიც კი ჩაანაცვლოს.
"ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ გარემოებები ისე, რომ ომი დასრულდეს. მიუხედავად იმისა, თუ რა სურს პუტინს. ჩვენ ყველამ უნდა შევცვალოთ გარემოებები ისე, რომ რუსეთი იძულებული იყოს მშვიდობაზე [დათანხმდეს]"- უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ კანონმდებლებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს,
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გეგმის შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ომი სამართლიანად დასრულდეს, რომ კრემლი იძულებული იყოს მოლაპარაკებებს დათანხმდეს და კეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მოკავშირე ამ ომის დასასრულს სხვანაირად ხედავს.
"ჩვენ გვესმის სიტყვა "მოლაპარაკებები" პარტნიორებისგან, თუმცა "სამართლიანობა" უფრო იშვიათად გვესმის. უკრაინა გახსნილია დიპლომატიისთვის, მაგრამ პატიოსანი დიპლომატიისთვის", - თქვა მან.
ზელენსკის გეგმა ასევე მოიცავს "არაბირთვულ სტრატეგიული შეკავების პაკეტსაც" უკრაინის შიგნით იმისთვის, რომ რუსეთის საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა და მისი სამხედრო ძალა გაანადგუროს. მას არ გაუმხელია დეტალები, თუმცა თქვა, რომ ამ ნაწილში დამატებითი, საიდუმლო პირობებიც არსებობს, რომელთაც არ გაამხელს. გეგმა მისი თქმით, ასევე გულისხმობს დასავლეთის ქვეყნების როლს უკრაინის ბუნებრივი რესურსების რუსეთისგან დაცვასა და ამ სექტორში ინვესტირების კუთხით. ასევე, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დაპირებებს.
კრემლი აცხადებს, რომ ძალიან ადრეა ზელენსკის გეგმაზე დეტალური პასუხის გასაცემად, მაგრამ მოსკოვის შეფასებით, კიევი "უნდა გამოფხიზლდეს" და თავისი პოლიტიკის "უაზრობა" დაინახოს.