უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს რუსეთში დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებაში დახმრება სთხოვა. მათი შეხვედრა ვატიკანში 11 ოქტომბერს გაიმართა.
ზელენსკი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს და პარტნიორებს "გამარჯვების გეგმას" აცნობს. მან ვატიკანი ომის პატიმართა გაცვლის თაობაზე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია. კონფერენცია ამ თვის მეორე ნახევარში, კანადაში უნდა ჩატარდეს.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "წმინდა საყდარი" დაგვეხმარება რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელების შინ დაბრუნებაში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე დასძინა, რომ ეს პაპთან 35-წუთიანი საუბრის მთავარი თემა იყო.
ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკისთან პაპის შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. მაგრამ, ნათქვამი იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და ვატიკანის პირველ დიპლომატს შორის შეხვედრისას, მხარეებმა ომის ვითარება და მისი დასრულების გზები განიხილეს.
ეს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რომის პაპის მეორე პირისპირი შეხვედრა იყო. ისინი ივნისში, იტალიის სამხრეთში "დიდი შვიდეულის" სამიტის პარალელურადაც შეხვდნენ.