უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ქვეყნის მნიშვნელოვანი - "სტაროკოსტიანტინივის" საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამას წინ უძღოდა კიევზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული საჰაერო იერიში.
საჰაერო ბაზა "სტაროკოსტიანტინივი" უკრაინის დასავლეთში, ხმელნიცკის რეგიონში მდებარეობს, ის ხშირად ხდება მოსკოვის სამიზნე. თუმცა, ამ იერიშამდე ერთი დღით ადრე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა უკრაინას, უახლოეს თვეებში, მეტ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის.
უკრაინა, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელიწადნახევრის შემდეგ პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების თვითმფრინავები გასულ ზაფხულს მიიღო, მათ ადგილმდებარეობას ასაიდუმლოებს. რუსეთი გამუდმებით ამბობს, რომ ამ თვითმფრინავებს შორი რადიუსის დარტყმებით გაანადგურებს.
უკრაინის საჰაერო ძალები, რომელიც ძალიან იშვიათად აღიარებს, რომ რომელიმე სამხედრო სამიზნეზე იერიშში რუსეთი წარმატებული იყო, არ ამბობს, გამოიწვია თუ არა კონკრეტული ან სერიოზული ზიანი ამ იერიშმა. თუმცა, საჰაერო ბაზაზე თავდასხმის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მაინც უჩვეულო ნაბიჯი იყო. გუბერნატორი სერჰი სიურინი ამბობს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და თავდასხმას სამოქალაქო პირებში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში "კინჟალის" ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები საცხოვრებელ უბანში ჩამოცვივდა, თუმცა ამას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ასევე 32 რუსული დრონი ჩამოაგდო. 37 კი სამხედრო რადარებიდან გაუჩინარდა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გათიშეს.