ნიუ-იორკში ბელარუსის საკონსულო მუშაობას წყვეტს 

ლუკაშენკოს ბელარუსი ნიუ-იორკში საკონსულოს 21 ოქტომბრამდე დახურავს. ინფორმაცია საკონსულოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ დროისთვის ბელარუსის საკონსულოს უკვე შეწყვეტილი აქვს საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება და შეწყვეტილია დოკუმენტების გაცემაც. საკონსულო მოქალაქეების მიღებას 15 სექტემბრიდან შეწყვეტს.

საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ამერიკის მოქალაქეებს ბელარუსში ჩასასვლელად ვიზის მიღება დასჭირდებათ.

ნიუ-იორკში მდებარე ბელარუსის საკონსულო ამერიკასა და კანადას ფარავს, მინსკს მისი დახურვის გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოუწია რაც ვაშინგტონისგან გაფრთხილება მიიღო. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსში ამერიკის ელჩს, ჯული ფიშერს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა.

ასევე ნახეთ: ბელარუსში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაკავებები გრძელდება

ჯული ფიშერი ამერიკის სენატმა ელჩად 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცა, თუმცა ამერიკელ დიპლომატს ბელარუსმა ვიზა არ მისცა. ამის პარალელურად ბელარუსმა ამერიკის შეერთებული შტატებს 1 სექტემბრამდე საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოსთხოვა. მინსკმა ვაშინგტონს 5 თანამშრომელის დატოვების ნებართვა მისცა.

ბელარუსში ამერიკის საელჩო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებაში ბრალს ალექსანდ ლუკაშენკოს დებს. ლუკაშენკო ამ გზებით პასუხობს დასავლეთის სანქციებს, რომელიც 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებსა და მოქალაქეების დევნას მოჰყვა.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტი ბელარუსმა ავტორიტარმა ლიტერმა, გაყალბებული არჩევნებით მიითვისა და პრეზიდენტის ფიცი მალულად დადო, 1 წელი, 1 თვე და 12 დღეა გასული. ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსში ამ დრომდე დევნის ოპონენტებს და სასტიკად უსწორდება დემონსტრანტებს, რომლებიც სამართლიან არჩევნებს ითხოვენ.

ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების წყება, შეერთებულმა შტატებმა ასევე ევროპამ რამდენჯერმე დაუწესა, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანებას იწვევს. მას მხარს კრემლი უმაგრებს. ბელარუსი, რუსეთთან ახლო ურთიერთობით ცდილობს შეამსუბუქოს ის შექმნილი ეკონომიკური ვითარება რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.