რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში მასშტაბურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, რომლებიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ოფიციალური კიევი წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ის უკრაინის და ნატოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
წვრთნებში „დასავლეთი-2021“ ათასობით ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან ყაზახეთის წარმომადგენლებიც. წვრთნებში ჩაერთვება მძიმე ჯავშანტექნიკა, არტილერია და საჰაერო ძალები, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამხედრო წვრთნები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. მანევრები დაეფუძნება სცენარს, რომ „საერთაშორისო დაძაბულობა ესკალაციის ისეთ დონეს აღწევს, რომ იქმნება რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხე და შესაძლოა გამოიწვიოს (რუსეთისა და ბელარუსის) გაერთიანებული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.