ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ხოდორკოვსკის მიერ მხარდაჭერილი მედია და იურიდიული ორგანიზაციები დაიხურა


რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ მხარდაჭერილი ორი ინტერნეტ გამოცემის და იურიდიული დახმარების ჯგუფის დაბლოკვის შემდეგ, 5 აგვისტოს ამ ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, რომ მუშაობას წყვეტენ.

“Open Media” და “MBKh news” ვებგვერდებმა და “Human Rights Postcards Legal Aid” ჯგუფმა დაკეტვის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით გამოაცხადეს და მიზეზად თანამშრომლებისათვის არსებული რისკები და სხვა ფაქტორები დაასახელეს.

ამ ორგანიზაციების დაკეტვა იმ შეზღუდვის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინებაა, რომელსაც მომავალი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამოუკიდებელ მედიას და ოპოზიციის მხარდამჭერებს უწესებს.

“როსკომნადზორის” მიერ დაბლოკვის შემდეგ, ეს გამოცემები რუსი მომხმარებლებისთვის 4 აგვისტოდან მიუწვდომელი იყო.

გამოცემებმა თქვეს, რომ ხელისუფლებისგან დაბლოკვის მიზეზის განმარტების არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ. “Open Media”-მ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ხოდორკოვსკისგან გრანტი მიიღო, მაგრამ “არასასურველ” ორგანიზაციებთან არასდროს უმუშავია, თუმცა დახურვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რადგან “პროექტის პერსონალის წევრებისთვის რისკები ძალიან მაღალია”.

5 აგვისტოს განცხადება ხოდორკოვსკიმაც გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ ბოლოდროინდელი “პოლიტიკური რეპრესიები” აჩვენებს “პუტინის რეჟიმის და პირადად პუტინის რეგრესს დრომოჭმული საბჭოთა მოდელის მიმართულებით, რომელიც მისი პირადი სიხარბის დასაკმაყოფილებლადაა გადაკეთებული.”

რუსეთის დაბლოკილი ვებგვერდების სახელმწიფო რეესტრის თანახმად, ახალი ამბების გამოცემებზე წვდომის შეზღუდვა, გენერალური პროკურატურის 3 აგვისტოს ორდერის საფუძველზე მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG