ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აკრძალული ჟურნალისტიკა და უცხო ქვეყნის აგენტები რუსეთში


ყველა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევების თანახმად, რუსეთში მედიის უფლებები უკიდურესად მძიმედ და ხშირად ირღვევა, მოქმედებს არაერთი შემზღუდავი კანონი თუ რეგულაცია. მათ შორის ერთ-ერთი, საერთაშორისო მედიასაშუალებების შევიწროვების გზა - მათი „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოცხადებაა.

მედია-ორგანიზაციებს თითოეული მასალისთვის სპეციალური - 24 სიტყვიანი წამძღვარების გაკეთება უწევთ. სტატია იქნება ეს, სიუჟეტი თუ ფოტო "ინსტაგრამზე" - ყველგან აღნიშნული უნდა იყოს, რომ ეს მასალა „უცხო ქვეყნის აგენტმა“ მოამზადა. თუმცა იარლიყი არ არის ერთადერთი რამ, რაც უხერხულობას ან პრობლემებს ქმნის. ყველას, ვინც ოდესმე ამა თუ იმ კონკრეტულ მედიასაშუალებაში (ან აგენტად გამოცხადებულ ორგანიზაციაში) მუშაობდა, „უცხო ქვეყნის აგენტობის“ ლაქა მთელი ცხოვრება მიჰყვება. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შავ სიაში კი „ყოფილ აგენტად“ შესაძლოა, სამუდამოდ ირიცხებოდეს. მედიასაშუალების ჟურნალისტებს, ფრილანსერებს და ადმინისტრაციულ თანამშრომლებსაც კი იუსტიციის დეპარტამენტისთვის 100-მდე გვერდიანი ანგარიშის სისტემატური წარდგენაც ევალებათ, სადაც მათი პროფესიული თუ პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი ინფორმაციის დაფიქსირება მოეთხოვებათ.

კრემლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ლატვიაში დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზა“ აღმოჩნდა. „მედუზას“ თანადამფუძნებელი და რედაქტორი გალინა ტიმჩენკო ამბობს, რომ 2014 წელს, უკრიანაში რუსული აგრესიის პარალელურად შექმნილი მედიასაშუალების მესვეურებს ეგონათ, რომ „ყველაფრისთვის მზად იყვნენ და ეს ყველაზე უარესი პერიოდი იყო“, თუმცა ახლა ამბობს, რომ ეს გულუბრყვილობა იყო.

გალინა ტიმჩენკო
გალინა ტიმჩენკო

„ეს 6 წელიწადი ჩვენ თითქმის თავისუფლად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით ევროკავშირის შიგნით, მაგრამ დუმამ და კრემლმა ზედმეტად ბევრი ისეთი კანონი მიიღო, რომელიც მედიას ეხება. ბოლო დროს 80-მდე ისეთი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი დავითვალეთ, რომელიც რუსეთის შიგნით მედიას, სიტყვისა და გამოხატვის, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას ზღუდავს.

ამ შემზღუდავი კანონების პირისპირ რამდენიმე კუთხით დავზარალდით: ესაა შემოსავლები, „უცხო ქვეყნის აგენტობის“ სამუდამო ლაქა, ჟურნალისტების პირადი რისკი და ასევე რესპოდენტებთან თანამშრომლობა“, - ამბობს ტიმჩენკო და განმარტავს, რომ მედიასაშუალების ნაწინასწარმეტყველები 3-4 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავლიდან ორ მილიონზე მეტი უკვე დაკარგულია. ბიზნეს მოდელი - დამსხვერულია. თუმცა ამასთან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებად რჩება, რადგან 24 სიტყვიანი. იარლიყი ვებგვერდზე „აისბერგის მხოლოდ წყლისზედა, ხილული ნაწილია“, - ამბობს რედაქტორი.

რამდენადაც უნდა ეცადოს რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩაბეტონებას, ის ამით მხოლოდ საპირისპიროს აღწევს, სიმართლისადმი ინტერესს ზრდის. კრემლი ცდება, მოსახლეობას აინტერესებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მათ აინტერესებთ სიმართლე,
- რომან იანინი, გამომძიებელი ჟურნალისტი

„ეს აისბერგის მხოლოდ ხილული, ვიზუალური ნაწილია. უმთავრესი ისაა, რომ „მედუზას“ ყველა თანამშრომელი ამ შავ სიაში სამუდამოდ დარჩება. ისინი ყველანი „აგენტებად“ არიან მიჩნეულნი. ყოველ ჯერზე, მათ 84-გვერდიანი ანგარიში უნდა წარუდგინონ იუსტიციის სამინისტროს, სადაც პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნონ საკუთარ თავზე, იქნება ეს თითოეული დახარჯული რუბლი, მიღებული ტკივილგამაყუჩებელი თუ ჩაი, რომელიც გიყვარს. ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგაც კი, კანონით ამ სიიდან არ ამოიშლები, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იქცე თუ არა „ყოფილ აგენტად“. თუმცა ამ შემთხვევაშიც, შავ სიაში შენი გვარი მაინც დარჩება. თითოეული თანამშრომლის, კონტრიბუტორის თუ სხვათა ეს პირადი რისკი უზარმაზარია“, - განმარტავს გამოცემის დამფუძნებელი.

გალინა ტიმჩენკო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია რუსეთში ვიწროვდება, ესა თუ ის კონკრეტული შეზღუდვები უშუალოდ „მედუზას“ წინააღმდეგ იყო მიღებული. ამის მიზეზი კი მისი აზრით, ორგანიზაციის მკითხველთა რაოდენობა და მათი დემოგრაფიაა.

„ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არის 24-დან 35-წლამდე. ესენი არიან ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესბეს რეკლამის დამკვეთს. ახალგაზრდები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. ეს კრემლისთვის ყველაზე საშიშად მიჩნეული აუდიტორიაა. ისინი არიან აქტივისტები, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ალექსეი ნავალნისა და მის ანტიკორუფციულ ფონდს იცავენ. ჩვენი წყაროების ცნობით მედუზაცს უცხო ქვეყნის აგენტად მოხსენიების აგდაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე იყო მიღებული. 150 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის უშიშროების საბჭო ლატვიაში დაფუძნებული მედიისთვის იარლიყის საკითხს განიხილავს. ეს ჩემთვის სრული სიგიჟეა“.

მედიასაშუალების მესვეურებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ისაა, რომ ინფორმაციის ბევრი წყარო, მათი რესპოდენტების უმრავლესობა ამის შემდეგ მათთან საუბარზე უარს ამბობს. მხოლოდ ზოგიერთი თანხმდება და ისიც, ანონიმურობის გარანტიით.

ტიმჩენკო ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს შორისაც დაბნეულობაა. ზოგი ცდილობს დააკნინოს ის ზიანი, რაც უშუალოდ „მედუზას“ ან უკვე აგენტებად აღიარებულ სხვა მედიასაშუალებებს ადგებათ, ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელება ასეც შეიძლება; ზოგს ხელისუფლება ჰპირდება, რომ მათ არ შეეხება; ზოგი გაფრთხილებულია, რომ დაკვირვების ქვეშაა, ზოგს თავად აიძულებენ დირექტორებისა და რედაქტორების შეცვლას. „ზოგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი კოლეგების ხელითაც გვებრძვიან“, - ამბობს ტიმჩენკო.

ფინანსური კოლაფსის რეალური საფრთხის წინაშე დამდგარმა მედიასაშუალებამ დახმარებისთვის მკითხველს მიმართა. 100 000-მდე მკითხველმა „მედუზას“ დაფინანსება გადაწყვიტა და ორგანიზაციას ფული ჩაურიცხა.

„ეს საოცარი მოტივაცია იყო, სიყვარულის და ნდობის დიდი გამოხატულება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გამუდმებით ამის იმედად ვიყოთ, არ შეგვიძლია ყოველდღე ვუთხრათ მკითხველს, გვიშველეთ, ვკვდებით“, - ამბობს რედაქციის ხელმძღვანელი.

უმთავრესი ისაა, რომ „მედუზას“ ყველა თანამშრომელი ამ შავ სიაში სამუდამოდ დარჩება. ისინი ყველანი „აგენტებად“ არიან მიჩნეულნი. ყოველ ჯერზე, მათ 84-გვერდიანი ანგარიში უნდა წარუდგინონ იუსტიციის სამინისტროს, სადაც პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია უნდა გაამჟღავნონ საკუთარ თავზე, იქნება ეს თითოეული დახარჯული რუბლი, მიღებული ტკივილგამაყუჩებელი თუ ჩაი, რომელიც გიყვარს,
- გალინა ტიმჩენკო, "მედუზას" დამფუძნებელი

ასობით დარღვევაშია დადანაშაულებული „რადიო თავისუფლებაც“, რომელსაც სასამართლო მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმას აკისრებს. 2017 წლის ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ ისინი „უცხო ქვეყნის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თითოეული მასალისთვის დაერთოთ განმარტება ორგანიზაციის დაფინანსებისა თუ წარმომავლობის შესახებ, ხელისუფლებისთვის კი სისტემატურად მიეწოდებინათ ინფორმაცია მათი მიზნების, გეგმების, ფინანსებისა თუ თანამშრომლების შესახებ.

რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა არაერთხელ შეადარეს თავიანთი კანონი "ფარას" სახელით ცნობილ ამერიკულ კანონს, რომელიც 80 წლის წინ ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების საწინააღმდეგოდ შეიქმნა.

„თუკი ამერიკაში დარეგისტრირებულ უცხო ქვეყნის აგენტების სიას გადახედავთ, აქ ნებისმიერ დროს არის 400-500 აქტიური რეგისტრაცია. ესენია ძირითადად ამერიკული ლობისტური კომპანიები, სავაჭრო ორგანიზაციები, შემოსავალზე ორიენტირებული კომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც უმეტესად აქვთ პირდაპირი კონტრაქტები და წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესებს. რუსეთში კი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ კანონი მსგავსი მიზნით არასდროს გამოყენებულა. ის 2012 წელს შეიქმნა, პუტინის მესამე ვადის დაწყებიდან ძალიან მალევე და ვფიქრობ, ეს იყო პასუხი ზოგიერთ პროტესტზე ამ პოლიტიკური ტრანზიციის ირგვლივ“, - ამბობს დილან მაილს-პრიმაკოვი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის მკვლევარი.

მაილს პრიმაკოვი განმარტავს, რომ რუსეთში ეს კანონი ძირითადად დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობისა და სიტყვის თავისუფლების „დასახრჩობად“ გამოყენებოდა. თითოეული ახალი ორგანიზაციის „აგენტის“ კატეგორიისთვის მიკუთვნებას კი კრემლის მიერ მართული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის ტალღა სდევს ხოლმე თან, მიზანი კი ამ ორგანიზაციების დელეგიტიმაცია და დისკრედიტაცია.

„თუკი რუსეთს დაგვატოვებინებენ, ჩვენ ვიქნებით პირველები, მაგრამ ისინი მიაპყრობენ ყურადღებას სხვა მედიასაშუალებებსაც, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მედიას. რასაც ქვეყნის შიგნით ვხედავთ, ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა, და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება“, - ამბობს ჯემი ფლაი, „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

გალინა ტიმჩენკო პესიმისტურადაა განწყობილი იმ მოსაზრების მიმართ, რომ ბოლოდროინდელი რეპრესიები სექტემბრის დუმის არჩევნებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, წნეხი ამის შემდეგ შემცირდეს. „მასობრივი რეპრესიები დაწყებულია. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ეს მატარებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს და არ მჯერა, რომ ეს შეიცვლება“, - ამბობს ჟურნალისტი და მედიაორგანიზაციის მფლობელი.

თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველს ჟურნალისტების ნაწილს მკითხველებისა და მომხმარებლების ინტერესის ზრდა აძლევს. "ნოვაია გაზეტას" ყოფილი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი რეპორტიორი, გამომძიებელი ჟურნალისტის რომან იანინი ამბობს, რომ რეპრესიებმა იმ მოქალაქეებსაც კი მეტი ინტერესი გაუჩინა, ვინც მანამდე საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალებს არ ეცნობოდა. იანინის სახლში 9 აპრილს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტები შევიდნენ. მის სახლს 7 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. გაჩხრიკეს მისი ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო ნიუს-პლატფორმა iStories-ის ოფისიც, წაიღეს ტელეფონები, ნოუთბუქები, მეხსიერების ბარათები.

"ვფიქრობ, ხშირად, ჩვენი საგამოძიებო მასალების მთავარი აუდიტორია კვლავ ჟურნალისტები არიან, მაგრამ ეს რომ ასე არ იყოს, ვცდილობთ ჩვენი მასალები უფრო ხელშასახები და აქტუალური იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ჩვენ ვიძიებთ და მათ ვუყვებით არა იმდენად ფედერალური მასშტაბის კორუფციაზე, მოპარულ მილიონებზე, არამედ ისეთ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღე გრძნობენ, იქნება ეს ნარჩენები, კაპიტალური რემონტი, გზები თუ სხვა. და მოქალაქეების ინტერესიც ნამდვილად იზრდება. რამდენადაც უნდა ეცადოს რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩაბეტონებას, ის ამით მხოლოდ საპირისპიროს აღწევს, სიმართლისადმი ინტერესს ზრდის. კრემლი ცდება, მოსახლეობას აინტერესებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მათ აინტერესებთ სიმართლე", - ამბობს რომან იანინი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG