პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი, მარია კალესნიკავა ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრიზით დაჯილდოვდა.
კალესნიკავა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ბელარუსში მიმდინარე პროტესტის ფონზე, ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებული ქმედებებისთვის დააჯილდოვა.
საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნაზე, სიტყვით დაკავებული ოპოზიციონერის და, ტატიანა ხომჩი გამოვიდა. საგანგებო ცერემონიაზე, ხომჩის პრიზი საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტმა გადასცა.
„ქალბატონმა კალესნიკავამ წინააღმდეგობა გაუწია რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ ძალისმიერი მიდგომა და სისასტიკე გამოიჩინა. ქალბატონმა კალესნიკავამ აჩვენა, რომ მზად არის გარისკოს საკუთარი უსაფრთხოება - მან ნამდვილი გამბედაობა აჩვენა“ - განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა.
„ეს ჯილდო არის ბელარუსი ხალხის მიმართ, მთელი დემოკრატიული სამყაროს სოლიდარობის ნიშანი. ჩვენთვის, ბელარუსი ხალხისთვის ეს ასევე არის ნიშანი იმის, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს გვიჭერს“ - განაცხადა პრიზის მიღებისას კალესნიკავას დამ.
6 სექტემბერს მინსკის სასამართლომ დახურულ სხდომაზე 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს - მარია კალესნიკავასა და მაქსიმ ზნაკს. მათ წინასწარი პატიმრობა გასული წლის 8 სექტემბრიდან აქვთ მისჯილი.
ვაცლავ ჰაველის სახელიობის პრემია 2013 წელს დაწესდა.