ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მალე მისი ქვეყანა რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობის დიდ პარტიას მიიღებს. იარაღის მიწოდება დიქტატორის მიმართ მოსკოვის უწყვეტი მხარდაჭერის ნიშანია იმ დროს, როდესაც ლუკაშენკოს მიერ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საერთაშორისო გულისწყრომას იწვევს.
1 სექტემბერს, ბელარუსის ქალაქ ბაბრუისკში სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ თქვა, რომ “უახლოეს მომავალში”, მეზობელი რუსეთიდან ათობით თვითმფრინავს და საჰაერო დაცვის სისტემას მიიღებს, მათ შორის “სავარაუდოდ” S-400 სარაკეტო სისტემებიც იქნება. მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
ლუკაშენკომ ასევე დაადასტურა ადრე გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ 9 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ორი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის თემაზე მოლაპარაკებებს გეგმავს.
ლუკაშენკოს განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც ლიდერები ორი ქვეყნის ინტეგრაცის 28 საგზაო რუკას დაამტკიცებენ, ის და პუტინი ამ დოკუმენტებს ხელს ოქტომბერ-ნოემბერში მოაწერენ.
ლუკაშენკო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავი წარმოეჩინა იმ წნეხის მუხრუჭად, რომლითაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ბელარუსი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ე.წ. მოკავშირე სახელმწიფოდ მიიერთოს. ეს კავშირი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
მაგრამ ერთწლიანმა ქუჩის უმაგალითო აქციებმა ბელარუსის პრეზიდენტი თავდაცვის პოზიციაში ჩააყენა და როგორც ჩანს, პუტინის მხარდაჭერას ახლა უფრო მეტად ეყრდნობა.
1 სექტემბერს ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავება მის ქვეყანას სუვერენიტეტს არ წაართმევს.
Facebook Forum