პოლონეთს ხუთშაბათიდან ბელარუსის საზღვართან შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოაცხადებული. თუმცა, ამის მიუხედავად, დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები ჯერ მაინც არ იკვეთება - აცხადებს პრემიერი მათეუს მორავიცკი.
გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსიდან პოლონეთში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო რუსეთმა ქვეყნის საზღვართან სამხედრო წვრთნებისთვის სამზადისი დაიწყო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს პოლონეთის ორ საზღვრისპირა რეგიონში. მათეუს მორავიცკი მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებისგან. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მომდევნო 30 დღის განმავლობაში საზღვრის გასწვრივ 3 კილომეტრზე გადაადგილება იზღუდება.
"ჩვენ არ ველოდებით საზღვართან დაძაბულობის შემცირებას, რადგან რამდენიმე დღეში 40 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთი ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს "ზაპად-2021-ს" იწყებს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსის სამხედროები მიგრანტებს დახმარებას უწევენ, აწვდიან მათ საკვებს და ეხმარებიან პოლონეთის საზღვრის გადმოკვეთაში,"- ამბობს პოლონეთის პერემიერ-მინისტრი.
პრემიერ მორავიცკის მიერ გამოცემული ბრძანება პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. პოლონეთში საგანგებო მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ გამოცხადებულა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე პოლონეთმა გადაწყვეტილება მიიღო ბელარუსთან 2.5 მეტრის სიმაღლის ღობის მშენებლობა დაეწყო, რათა შეეკავებინა პოლონეთში მიგრანტთა შესვლა.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მიიჩნევენ, რომ მიგრანტების დინებას ლუკაშენკოს რეჟიმი უწყობს ხელს, რათა დასავლეთი მის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისა და მისი, როგორც არალეგიტიმურ ლიდერად აღიარების გამო დასაჯოს.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ბელარუსის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ეს უკანასკნელი მათი შეფასებით, ევროკავშირისკენ მიმავალ ლტოლვილებს საზღვრების უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარება.
ისინი მინსკის ქმედებებს "ჰიბრიდულ თავდასხმას" უწოდებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და არა მხოლოდ, ბელარუსის გავლით, ლიეტუვის და სხვა მეზობელი ევროპული სახელმწიფოების საზღვარი მიგრანტთა მზარდმა რაოდენობამ გადაკვეთა. პოლონეთი აცხადებს, რომ მან ასობით შეიარაღებული სამხედრო ბელარუსის საზღვრის უკეთ დასაცავად ადგილზე უკვე განალაგა.
ლიეტუვა ამბობს, რომ 508 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო ღობის მშენებლობა ბელარუსთან 2022 წელს დასრულდება. ლუკაშენკო ბრალდებებს უარყოფს, თუმცა "რეინეარის" თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დასავლეთის მკაცრ რეაგირებაზე პასუხად, ლუკაშენკომ თქვა, რომ ევროპისკენ მიმავალ მიგრანტებს "აღარ შეაკავებდა". ლიეტუვა კი მინსკს არა თუ "შეუკავებლობაში", არამედ მათ ორგანიზებულ გადაყვანა-დახმარებაში სდებს ბრალს.
Facebook Forum