„ბიბისის“ თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა 

„ბიბისის“ თავმჯდომარემ რიჩარდ შარპმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. მიზეზი დამოუკიდებელი ანგარიშია. ანგარიშის მიხედვით შარპმა დაარღვია საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომ არ გაამჟღავნა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია.

კვლევის მიხედვით მაშინ, როცა შარპმა თანამდებობა დაიკავა ის ახლო კონტაქტში იყო ბორის ჯონსონთან, რომელსაც დაეხმარა ერთი მილიონი ამერიკული დოლარის სესხის უზრუნველყოფაში.

შარპი „გოლდმან საქსის“ ყოფილი ბანკირია და „ბიბისის“ თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წელს დაიკავა. თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჩარდ შარპმა საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის წესი დაარღვია ბრიტანელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომლებმაც შეისწავლეს მისი დანიშვნის საკითხი.

ასევე ნახეთ: სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

რიჩარდ შარპი ამბობს, რომ „ბიბისიში“ მუშაობას ივნისის ბოლომდე გააგრძელებს, რათა მოიძებნოს მისი შემცვლელი და არხის მუშაობას პრობლემა არ შეექმნას.

„მე გადავწყვიტე, რომ სწორია „ბიბისის“ ინტერესების პრიორიტეტიზაცია... სწორედ ამიტომ ვტოვებ თანამდებობას,“- წერს შარპი ოფიციალურ განცხადებაში. თუმცა ის განმარტავს, რომ დამნაშავე არ არის და არაფერი დაურღვევია.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლუსი პაუელი ამბობს, რომ საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომელიც შარპმა დაარღვია „ზიანს აყენებს „ბიბისის“ რეპუტაციას და სერიოზულად არყევს მის დამოუკიდებლობას“.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წელს შარპის „ბიბისიში“ დანიშვნას რეკომენდაცია ბორის ჯონსონის ადმინისტრაციამ გაუწია, სადაც ნათქვამია, რომ ის არის „ძლიერი კანდიდატი“.