ამერიკელი სამხედრო მეთაურის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებს აქვს ყველა აღჭურვილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც მათ საგაზაფხულო შეტევის დასაწყებად სჭირდებათ.
უკრაინის ოფიციალური პირები და მათი დასავლელი მოკავშირეები არ მალავენ მოსალოდნელ სამხედრო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიის დაბრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. იზრდება ვარაუდები, რომ ის უახლოეს კვირებში, ან კიდევ უფრო ადრე დაიწყება.
როცა არ უნდა დაიწყოს შეტევა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაური „ძალიან დარწმუნებულია“, რომ უკრაინის ძალები, იარაღის სისტემების, ან მარაგის ნაკლებობის გამო არ შეყოვნდებიან.
„ჩვენ მას ქვეყანაში ვაგზავნით. საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე იქ არის“ - განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალმა, კრისტოფერ კავოლიმ, ოთხშაბათს, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე.
დასავლური ტანკების, მათ შორის ბრიტანული წარმოების Challengers და გერმანული წარმოების Leopards, უკრაინაში ჩასვლა გასულ თვეში დაიწყო.
გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა მეტი სამხედრო დახმარება კიევისთვის, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი.
„ჩვენ დავსხედით უკრაინელებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და გამოვთვალეთ მასალების რაოდენობა, რომელიც მათ დასჭირდებოდათ. მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაწოდეთ მასალა, რომელიც მათ სჭირდებათ“ - აცხადებს კავოლი და ამბობს, რომ ეს გაგრძელდება.