სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელის მეორე ნაწილს შეეხება, რომელიც ევროპული კონვენციის 41-ე მუხლით აღიარებულ სამართლიანი კომპენსაციის საკითხს მოიცავს. ამ ნაწილზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, საქართველოს სასარგებლოდ 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში რ უმსჯელია.
საგულისხმოა, რომ სასამართლომ თავის კომპეტენციად მიიჩნია საქართველოსთვის კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი 2022 წელს ევროსაბჭოდან გარიცხეს და ის არც საქმის განხილვაში მონაწილეობდა.
გასული წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბერს ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.
საუბარია საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შემთხვევებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს" სარდაფებში თავისუფლების თვითნებურ აღკვეთაზე, ძარცვაზე, ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთში ქართველების სახლებში დაბრუნების პოლიტიკისთვის ხელშეშლაზე, რუსეთის მხრიდან მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევების ადეკვატური გამოძიების არარსებობაზე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი თვის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 3.25 მლნ ევროს კომპენსაცია, სულ მცირე 50 ადამიანის სიკვდილისთვის სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ან „ბუფერულ ზონებში“. ქართული მხარე 116 ასეთ შემთხვევას ასახელებდა, თუმცა მხოლოდ 50-ის საქმე დაკმაყოფილდა, ვინაიდან დანარჩენი 66 მსხვერპლი „ომის აქტიურ ფაზაში“ დაიღუპა 5-დღიანი ომის განმავლობაში, რისი განხილვაც სასამართლომ თავის კომპეტენციად არ მიიჩნია.
გარდა ამისა, რუსეთს დაეკისრა 2 697 500 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა სულ ცოტა 166 დაზარალებულისთვის, 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ ცხინვალის ე.წ. „ემ-ვე-დეს“ სარდაფებში უკანონო დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის.
ამასთან, 8-17 აგვისტოს პერიოდში ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების წამების გამო რუსეთს 640 ათასი ევროს კომპენსაცია დაეკისრა.
115 მილიონი ევროს კომპენსაცია კი შეეხება 23 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნება ვერ შეძლეს, რუსეთის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული პრაქტიკიდან გამომდინარე.
8,240,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა მინიმუმ 412 მსხვერპლისთვის, მოპასუხე მხარის მთავრობის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, ომის აქტიურ ფაზაში დაღუპული სამოქალაქო პირების საქმეების ადეკვატურად გამოუძიებლობისთვის.
ჯამურად რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 129,8 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.
საქართველოს საჩივრის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი)
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი)
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი)
- ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი)
- საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი)
- განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი)
- გადაადგილების თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი)
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა.
Facebook Forum